სახანძრო სახელოები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

სახანძრო სახელოები

თემა№2/8

(სახანძრო სახელოები და მათი არმატურა)


მიზანი:მსმენელი შეისწავლის სახანძრო სახელოების და მათი არმატურის დახასიათებას, გამოყენების პრინციპებს, აგრეთვე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესებს სახანძრო სახელოებსა და მათ არმატურასთან მუშაობისას.

თემის შინაარსი:

ა) სახანძრო სახელოების დანიშნულება და კლასიფიკაცია
ბ) შემწოვი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია
გ) გამდენი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია
დ) სახანძრო სახელოების არმატურა
ე) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები სახანძრო სახელოებსა და მათ არმატურასთან მუშაობისას

ა) სახანძრო სახელოების დანიშნულება და კლასიფიკაცია


სახანძრო სახელოები – შემაერთებელი თავაკებით მოწყობილი სინთეტიკური ქსოვილის ან სპეციალური ხსნარით გაჟღენთილი ბრეზენტის მოქნილი შლანგები, რომლებიც გამოიყენება წყლის ან სხვა ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად ხანძრის კერაში

სახანძრო სახელოები სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ერთ-ერთი ძირითადი სახეა. სახელოების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს უშუალოდ სახანძრო–სამაშველო დანაყოფებში.

სახანძრო სახელოების კლასიფიკაცია

> დანიშნულების მიხედვით არსებობს ორი ტიპის სახანძრო სახელო: შემწოვი და გამდენი სახანძრო სახელო.

შემწოვი სახანძრო სახელო განკუთვნილია წყლის წყაროდან წყლის ასაღებად სახანძრო ტუმბოს ან მოტოტუმბოს გამოყენებით.

გამდენი სახანძრო სახელო განკუთვნილია ხანძრის კერაში წნევით ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად.

> კონსტრუქციული თავისებურებებისა და გამოყენებული მასალების მიხედვით არსებობს სახელოების შემდეგი კლასიფიკაცია:
> გარეზინებული
> ლატექსის
> ორმხრივი პოლიმერული საფარით
> პლასტმასის არმირებული
> ნატურალური ბოჭკოს (სელის, ჯუთის და სხვ.)
> 3,0 მპა წნევაზე გათვალისწინებული სახელოები

> გეომეტრიული პარამეტრების მიხედვით არსებობს შემდეგი დიამეტრის სახანძრო სახელოები – 51 მმ, 66 მმ, 77 მმ, 89 მმ, 125 მმ, 150 მმ სახელოების სიგრძე შეადგენს 20±1 მეტრს.
> კლიმატიკური მაჩვენებლების მიხედვით სახანძრო სახელოები გათვალისწინებულია - 400С-დან + 450С პირობებში სამუშაოდ.

კითხვები:

1.რა მიზნით გამოიყენება სახანძრო სახელოები?
2.რა შემთხვევაში გამოიყენება შემწოვი სახელო?
3.რა შემთხვევაში გამოიყენება გამდენი სახელო?
4.რა სახის სახელოები არსებობს კონსტრუქციული თავისებურებებისა და გამოყენებული მასალების მიხედვით?

ბ) შემწოვი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია

სახანძრო სახელოები > არსებობს 2 და 4 მეტრი სიგრძის და 66 მმ, 77 მმ, 125 მმ და 150 მმ დიამეტრის ქარხნული წესით დამზადებული, ლითონის სპირალიანი რეზინქსოვილის შემწოვი სახელოები, რომლებსაც ბოლოებზე აქვთ რბილი სამაჯურები შემაერთებელი თავაკების მისამაგრებლად.

სახანძრო ავტომობილზე და მოტოტუმბოზე შემწოვი სახელოები მაგრდება სპეციალურ ადგილებზე. სახელოების მოხერხებული აღებისა და გაცვეთისაგან დაცვის მიზნით სახანძრო ავტომობილის ღარებსა და სპეციალურ შესანახ ყუთებში უნდა იყოს გათვალისწინებული შუასადებები.

შემწოვი სახელოების ექსპლუატაცია

> შემწოვი სახელოების გაშლისას ყურადღება ექცევა ყველა შეერთებების ჰერმეტულობას; დაუშვებელია სახელოების მკვეთრი გადაკეცვა და უკანა სარქველის ან შემწოვი ბადის ჩამკეტის ასაწევი თოკის გამოყენება სახელოს ასაწევად. შემწოვი სახელოები ირეცხება წყლით ბეწვის ან ბალახის ჯაგრისის მეშვეობით (ლითონის ჯაგრისის გამოყენება დაუშვებელია). ზამთრის პერიოდში სახელოების გაშრობა რეკომენდებულია სახელოების საშრობში. გაშრობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 500С. ზაფხულის პერიოდში დასაშვებია სახელოების გაშრობა ღია ცის ქვეშ, მხოლოდ ჩრდილში. აკრძალულია სახელოების გაშრობა გათბობის ბატარეებზე, შენობების სახურავებსა და მზეზე. სველი სახელოების შენახვა სახანძრო ავტომობილზე დაუშვებელია, საჭიროა მათი სათადარიგოთი შეცვალა.

კითხვები:

1.რა დიამეტრის შემწოვი სახელოები არსებობს?
2.რა არის დაუშვებელი შემწოვი სახელოების გაშლისას?

გ) გამდენი სახანძრო სახელოები და მათი ექსპლუატაცია


სახანძრო სახელოებიარსებობს გამდენი სახელოს სხვადასხვა კლასიფიკაცია. არსებობის ორი სახის გამდენი სახელო: გარეზინებული და გაურეზინებელი.

გამდენი სახელოების ჯგუფები ჰიდრავლიკური წნევისადმი გამძლეობის მიხედვით


> მაღალი გამძლეობის – 51 და 66 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე აქვთ სამი ფერადი ზოლი
> გაძლიერებული – 51, 66, 77 და 89 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე აქვთ ორი ფერადი ზოლი
> ნორმალური – 51, 66, 77 და 150 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე აქვთ ერთი ფერადი ზოლი, გარდა 150 მმ-სა
> შემსუბუქებელი – 51 მმ დიამეტრით - შემსუბუქებული სელის სახელოები გამოიყენება შიდა სახანძრო ონკანების დასაკომპლექტებლად.

გამდენი სახელოების კლასიფიკაცია დიამეტრის მიხედვით


> "ა" – 66 მმ და 77 მმ დიამეტრის მქონე სახელოები
> "ბ" – 51 მმ დიამეტრის მქონე სახელოები
> "სპეციალური" – 89 მმ და 150 მმ დიამეტრის მქონე სახელოები

გამდენი სახელოების ექსპლუატაცია

> გამდენი სახელოები ლაგდება ავტომობილის ძარის სპეციალურ ნაკვეთურებში ისე, რომ თავიდან აცილებულ იქნას ძარის სამაგრ დეტალებთან ხახუნი (ჭანჭიკები, შურუპები, კუთხედები და სხვა). სახელოები უნდა ჩალაგდეს გარმონისებურად ან ხვეულად (ერთმაგად ან ორმაგად).

> კოჭებზე დახვეული გამდენი სახელოები იფუთება და ინახება სპეციალური წყალგაუმტარი ქსოვილის შალითით.
> 66, 77, 89 და 150 მმ დიამეტრის მაგისტრალური ხაზის სახელოების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 5 წელსა და 150 სამუშაო საათს, ხოლო 51 მმ დიამეტრის მუშა სახელო - არანაკლებ 5 წელსა და 120 სამუშაო სთ.

> თუ სახანძრო ავტომობილი დაკომპლექტებულია სხვადასხვა კატეგორიის სახელოებით, სახელოების ხაზის გაშლისას მეტად გამძლე სახელოები გამოიყენება მაგისტრალური და განშტოებული ხაზების საწყის უბნებზე, ხოლო ნაკლებად გამძლე სახელოები - ამ ხაზების ბოლო უბნებზე.

> სახელოების ხაზების გაშლისას ხაზს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი ნაკეცები. დაუშვებელია ხაზის გაშლა მჭრელ საგნებზე, საწვავ-საპოხი მასალებით ან ქიმიკატებით გაჟღენთილ ზედაპირზე, აგრეთვე ცეცხლმოდებულ საგნებზე.

> სიმაღლეზე თოკით ან სახანძრო კიბით ატანილი სახელოს ხაზი უნდა დამაგრდეს შენობის კონსტრუქციებზე სახელოს დამჭერებით.

> დაუშვებელია სახელოს ხაზებზე დაშლილი კონსტრუქციის ნაწილების დაყრა, აგრეთვე სახელოების სიმაღლიდან გადმოყრა.

> ტუმბოდან წყლის მიწოდებისას ჰიდრავლიკური დარტყმის ზემოქმედებით სახელოს დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტუმბოს სადაწნეო მილყელების ვენტილები უნდა გაიხსნას თანდათანობით. დაუშვებელია ტუმბოში წნევის მკვეთრი გაზრდა, აგრეთვე ლულის სრული გადაკეტვა სახელოს ხაზების მუშაობისას.

> სახელოს ხაზებში წყლის მიწოდების დროს მეხანძრე–მაშველებმა არ უნდა დაუშვან ხაზების განშტოებებზე ტრანსპორტის გადატარება, გარდა ადგილებისა, სადაც სახელოებს გააჩნიათ დამცავი ხიდურები.

> სახელოები ხანძრის ან სწავლების შემდეგ უნდა გაიწმინდოს, საჭიროების შემთხვევაში გაირეცხოს სპეციალურ მანქანაში, როფებში ან გადარეცხილ მტკიცე საფარის მქონე მოედანზე, კაპრონის ჯაგრისით და გაშრეს მათთვის განკუთვნილ საშრობებში (კოშკური, კამერისებრი ან თერმორადიაციული).

კითხვები:

1.რა ტიპის გამდენი სახელოები არსებობს ჰიდრავლიკურ წნევაზე გამძლეობის მიხედვით?
2.რა ტიპის გამდენი სახელოები არსებობს დიამეტრის მიხედვით?

გამოყენებული ლიტერატურა:

1.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის ბრძანება№649 „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“
2.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 5 აპრილის ბრძანება№518 „სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
3. „სახანძრო საქმის საფუძვლები“
4. „სახანძრო–ტექნიკური შეიარაღება“

1175
    

კომენტარები -
0

რეკლამა