მაშველთა ტოპოგრაფიაში მომზადების მეცადინეობა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » მაშველთა ტოპოგრაფიაში მომზადების მეცადინეობა

მაშველთა ტოპოგრაფიაში მომზადების მეცადინეობა

გამოყენებული თვალსაჩინოები: კომპასი, სახაზავი და სხვა.


ორიენტირების არსი და მეთოდები


ხშირ შემთხვევაში ამოცანის შესრულების დროს სამაშველო რაზმებისა და მაშველების გადაადგილება დაკავშირებულია ადგილმდებარეობაზე ორიენტირებასთან. ორიენტირების ცოდნა აუცილებელია, რათა შენარჩუნებულ იქნას მოძრაობის მიმართულება და მიზანდასახულობა, განხორციელდეს რუკაზე ორიენტირების, მიზნისა და სხვა ობიექტების დატანა. ორიენტირების ცოდნა გვეხმარება შედარებით კარგად შევასრულოთ დასახული ამოცანები უცნობ ადგილმდებარეობაზე სხვადასხვა ექსტრემალური პირობების დროს.
ორიენტირება ადგილმდებარეობაზე შეიცავს დგომის წერტილებისა და ადგილობრივი საგნების ჰორიზონტის მხარეების მიმართ მდებარეობის განსაზღვრას, მოცემული მიმართულების შენარჩუნებას, საკუთარი ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის საგანგებო სიტუაციის კერის განსაზღვრას, საინჟინრო და სხვა ნაგებობების მდებარეობის დადგენას. Oორიენტირება შეიძლება იყოს ორგვარი: საერთო და დეტალური.
საერთო Oორიენტირება შეიცავს საკუთარი დგომის წერტილისა და მოძრაობის საბოლოო პუნქტის მისაღწევად საჭირო მოძრაობის მიმართულებისა და დროის მიახლოებით განსაზღვრას, ასეთი ორიენტირება ხშირად გამოიყენება გადაადგილების დროს, როდესაც მანქანის ეკიპაჟს ან ფეხით გადაადგილებულ რაზმს არ გააჩნია რუკა და იყენებს წინასწარ შედგენილ სქემას, დასახლებული პუნქტების სიას და მარშუტის სხვა ორიენტირებას.
დეტალური ორიენტირება წარმოადგენს დგომის წერტილისა და მოძრაობის მიმართულების ზუსტ განსაზღვრას. იგი გამოიყენება აზიმუტით გადადგილების დროს, რუკაზე ან სქემაზე არსებული მონაცემების დატანისა და სხვა შემთხვევებში.

ადგილმდებარეობაზე ორიენტირების მეთოდები


დასახული ამოცანების მრავალფეროვნების მიხედვით ორიენტირება თავისი ხასიათით შეიძლება იყოს სხვადასხვა. ორიენტირება შეიძლება შესრულდეს ტოპოგრაფიულ რუკაზე კომპასის გამოყენებით. ეს არის ძირითადი მეთოდი ადგილმდებარეობაზე ორიენტირებისათვის.
რთული მარშრუტისა და ცუდი მხედველობის დროს ორიენტირება შეიძლება განხორციელდეს ტოპოგრაფიული რუკის მეშვეობით და ნავიგაციური აპარატურის გამოყენებით. ადგილმდებარეობაზე, რომელიც ღარიბია ორიენტირებით ღამით მოძრაობის მიმართულების შენარჩუნება ხდება აზიმუტით. ეს არის შედარებით უბრალო და ხელმისაწვდომი ორიენტირების მეთოდი. ადგილმდებარეობის დიდი ცვლილებებისა და დიდი დასახლებული პუნქტების დროს გამოიყენება ორიენტირება აეროსურათებით. პრაქტიკაში მიმართულების შენარჩუნება და ორიენტირება ხდება კომპასის, ციური მნათობებისა და ადგილობრივი საგნების ნიშნების მიხედვით.

ადგილმდებარეობაზე ორიენტირება რუკის საშუალებით, ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა კომპასის საშუალებით და კომპასის გარეშე.


მეცადინეობა:
1)ადგილმდებარეობაზე ორიენტირება რუკის საშუალებით;
2)ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა კომპასის საშუალებით და კომპასის გარეშე;

გამოყენებული თვალსაჩინოები: სასწავლო რუკა, კომპასი, კურვიმეტრი, სახაზავი და სხვა.

ადგილმდებარეობაზე ორიენტირება რუკის საშუალებით


ტოპოგრაფიული რუკა არის საიმედო მეგზური უცნობ ადგილმდებარეობაზე გადაადგილებისას. მისი საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილმდებარეობა და შევინარჩუნოთ დასახული მარშრუტით მოძრაობის მიმართულება. რუკით ორიენტირება ადგილმდებარეობასთან შედარებით, დღესდღეობით არის ორიენტირების ძირითადი მეთოდი. ადგილმდებარეობაზე ორიენტირების დროს ქვედანაყოფების მეთაურები ჩვეულებრივ ხმარობენ ტოპოგრაფიულ რუკებს მასშტაბით: 1:50000, 1:100000.
რუკაზე ორიენტირება მოიცავს რუკის ორიენტირებას, ახლომდებარე ორიენტირების გამოყენებით ადგილმდებარეობასთან შეჯერებას და საკუთარი ადგილმდებარეობის _ დგომის წერტილის განსაზღვრას. შემდგომში დაშორებული ორიენტირების გამოყენებით რუკას ადარებენ ადგილმდებარეობასთან და რწმუნდებიან ადგილმდებარეობაზე ორიენტირების სისწორეში. ყველა ეს მოქმედება ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელია ერთმანეთისაგან, საწყის ეტაპზე სრულდება მიახლოებითი, ხოლო შემდგომში დაზუსტებითი ორიენტირება, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით ადგილმდებარეობის თავისებურებებიდან და ხილვადობიდან გამომდინარე.
რუკის ორიენტირება ნიშნავს მის ჰორიზონტალურად მოთავსებას ისე რომ, მისი ჩრდილოეთი მხარე (რუკის ზედა მხარე) მიმართული იყოს ჩრდილოეთისკენ. ამ შემთხვევაში რუკაზე დატანილი პირობითი აღნიშვნები დაემთხვევა რელიეფის ფორმებსა და საგნების ადგილმდებარეობაზე განლაგებას.
მიახლოებითი ორიენტირებისათვის საკმარისია რუკის მობრუნება ისეთი მიმართულებით, რომ რუკაზე ხაზური ორიენტირის პირობითი აღნიშვნის გასწვრივ დგომის წერტილიდან გონებრივად გავლებული მიმართულება დაემთხვეს ორიენტირის მიმართულებას ადგილმდებარეობაზე.
რუკის ზუსტი ორიენტირებისათვის საჭიროა სახაზავი ან ფანქარი. ხაზურ ორიენტირზე, მაგალითად გზაზე, სახაზავის დადებით მის მიმართულებას დაამთხვევენ ადგილმდებარეობაზე გზის ორიენტირის მიმართულებას. შემდგომ აზუსტებენ გზის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე ყველა ადგილობრივი საგნების და რელიეფის ფორმების განლაგება ემთხვევა თუ არა რუკაზე განლაგებას. თუ ეს პირობა შესრულებულია, მაშინ რუკა სწორადაა ორიენტირებული.
ორიენტირზე მიმართულების მიხედვით რუკის ორიენტირება ხდება ისევე, როგორც ხაზურ ორიენტირზე. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ხაზური ორიენტირის მაგიერ გამოიყენება მიმართულება დგომის წერტილიდან რუკაზე და ადგილმდებარეობაზე საიმედოდ ამოცნობილ რომელიმე დაშორებულ საგნისკენ (განცალკევებული ხე, ხიდი, ე.ი წერტილოვანი ორიენტირი)
კომპასით რუკის ორიენტირება ხდება მაშინ, როდესაც რუკაზე არ არის განსაზღვრული საკუთარი ადგილმდებარეობა ან დგომის წერტილიდან ორიენტირები არ ჩანს.
კომპასით რუკის მიახლოებითი ორიენტირებისას პირველად განსაზღვრავენ ჩრდილოეთის მიმართულებას, ამ მიმართულებით აღნიშნავენ რაიმე ორიენტირს და შემდეგ აბრუნებენ რუკას ისე, რომ მისი ჩარჩოს ზედა (ჩრდილოეთი) მხარე მიმართული იყოს ორიენტირისაკენ.
ციური მნათობების მიხედვით (მზე, პორალური ვარსკვლავი, მთვარე) რუკის ორიენტირება ხდება მიახლოებით. პირველად ციური მნათობების მიხედვით განსაზღვრავენ ჩრდილოეთ მიმართულებას და მონიშნავენ ამ მიმართულებით რაიმე ორიენტირს. შემდეგ შეაბრუნებენ რუკას ისე, რომ მისი ჩარჩოს ზედა (ჩრდილოეთი) მხარე მიმართული იყოს მონიშნული ორიენტირისაკენ.
რუკის ადგილმდებარეობასთან შეჯერება საველე პირობებში ორიენტირებისა და რუკაზე მუშაობისას აუცილებელია გარშემომყოფი საგნებისა და რელიეფის აღნიშვნების რუკაზე მოძებნა და პირიქით, რუკაზე ნაჩვენები ობიექტების ადგილმდებარეობაზე ამოცნობა.
რუკის ადგილმდებარეობასთან შეჯერებით შესაძლებელია საკუთარი ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა და ადგილმდებარეობის სწრაფად და დაწვრილებით შესწავლა.
რუკის ადგილმდებარეობასთან შეჯერება ჩვეულებრივ ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: რუკის მიახლოებითი ორიენტირების შემდეგ, მასზე მოძებნიან ახლოს მდებარე და კარგი ხილვადობის ობიექტებს. მათი მიხედვით განსაზღვრავენ საკუთარ ადგილმდებარეობას. შემდეგ ახდენენ რუკის ზუსტ ორიენტირებას და ამოიცნობენ მასზე და ადგილმდებარეობაზე შორს მდებარე ობიექტებს. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას რუკა მუდმივად უჭირავთ ორიენტირებულ მდგომარეობაში.
რუკაზე აღნიშნული ობიექტების ადგილმდებარეობაზე მოძებნა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველად მოძებნიან საკუთარი დგომის წერტილს და განსაზღვრავენ რუკაზე მანძილს საძებნ ობიექტამდე. შემდეგ დგომის წერტილზე და საძებნი ობიექტის აღმნიშვნელ ნიშანზე დაადებენ სახაზავს, ახდენენ რუკის ზუსტ ორიენტირებას, უმიზნებენ სახაზავის გასწვრივ და ობიექტამდე მანძილის გათვალისწინებით მონახავენ მას ადგილმდებარეობაზე.
რუკაზე დგომის წერტილის განსაზღვრა ხდება სხვადასხვა მეთოდებით: თვალზომით მახლობელი ორიენტირების, ორიენტირამდე მანძილისა და მიმართულების, მანძილის განსაზღვრის, გასწორისა და მონიშვნის საშუალებით. დგომის წერტილის განსაზღვრის მეთოდს ირჩევენ დროის ფაქტორის, საჭირო სიზუსტისა და ვითარების გათვალისწინებით.
თვალზომით მახლობელი ორიენტირების საშუალებით საკუთარი ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს შედარებით გავრცელებულ მეთოდს. ორიენტირებულ რუკაზე ამოიცნობენ ერთ-ორ ადგილობრივ საგანს, რომლებიც კარგად მოჩანს ადგილმდებარეობაზე. შემდეგ თვალზომით განსაზღვრავენ საკუთარ ადგილმდებარეობას ამ საგნების მიმართ, მიმართულებებისა და მანძილების მიხედვით და მონიშნავენ რუკაზე საკუთარი დგომის წერტილს.
ორიენტირამდე მანძილისა და მიმართულების მიხედვით დგომის წერტილის განსაზღვრა შესაძლებელია, თუ ადგილმდებარეობაზე და რუკაზე ამოცნობილია მხოლოდ ერთი ორიენტირი. ამ შემთხვევაში ორიენტირებულ რუკაზე ამოცნობილი ორიენტირის პირობით ნიშანზე დაადებენ სახაზავს, დაუმიზნებენ ორიენტირს ადგილმდებარეობაზე, სახაზავის გასწვრივ ავლებენ სწორ ხაზს და მონიშნავენ მასზე ორიენტირამდე მანძილს. დამიზნების ხაზზე მიღებული წერტილი იქნება საძებნი დგომის წერტილი.
მონიშვნით დგომის წერტილს განსაზღვრავენ იმ პირობით, თუ არის ადგილმდებარეობის კარგი ხილვადობა და მასზე მოიძებნება საგნები და რელიეფის ფორმები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება საიმედო ორიენტირებად.
ორი-სამი ორიენტირით მონიშვნა უპირატესად გამოიყენება მაშინ, როდესაც საკუთარი ადგილმდებარეობა რუკაზე არ არის აღნიშნული. რუკის ორიენტირებას ახდენენ კომპასით და ადგილმდებარეობაზე ამოარჩევენ ორ-სამ ორიენტირს. შემდეგ რიგრიგობით უმიზნებენ ამორჩეულ ორიენტირებს და სახაზავით გაავლებენ მიმართულებებს ორიენტირიდან საკუთარი თავისკენ. ყველა ეს მიმართულება უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში, რომელიც წარმოადგენს დგომის წერტილს.
დგომის წერტილის მონიშვნის ნებისმიერი მეთოდით განსაზღვრის დროს მიმართულებები არჩეული უნდა იყოს ისე, რომ ისინი იკვეთებოდეს არანაკლებ 30 გრადუსიანი და არაუმეტეს 150 გრადუსიანი კუთხით. ყველა შესაძლო შემთხვევაში მიღებული დგომის წერტილის მდებარეობას ამოწმებენ დამატებით ორიენტირზე დამიზნებით. თუ სამი მიმართულების გადაკვეთაზე წარმოიქმნა სამკუთხედი, დგომის წერტილს აღნიშნავენ მის ცენტრში. თუ სამკუთხედი დიდი გამოვიდა (მისი გვერდები 2 მმ-ზე მეტია) მაშინ აუცილებელია შემოწმდეს რუკის ორიენტირების სიზუსტე და მონიშვნები ჩატარდეს განმეორებით.

ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა კომპასის საშუალებით და კომპასის გარეშე


ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა კომპასის საშუალებით


კომოასის ძირითადი დანიშნულებაა ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა. კომპასის მაგნიტური ისრის წვერი თავისუფალ მდგომარეობაში მიმართულია ჩრდილოეთისაკენ, ხოლო ბოლო სამხრეთისაკენ. თუ სახით დავდგებით ჩრდილოეთისაკენ, ხელმარჯვნივ იქნება აღმოსავლეთი, ხოლო ხელმარცხნივ _ დასავლეთი.
კომპასს მოიყვანენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ათვლის მაჩვენებელს სამიზნებელ მოწყობილობაზე დააყენებენ 0 გრადუსთან, ამის შემდეგ გაანთავისუფლებენ ისარს მუხრუჭისაგან და აბრუნებენ კომპასს ისე, რომ ისრის ჩრდილო ბოლო დაემთხვეს 0 გრადუსს. შემდეგ კომპასის მდგომარეობის შეუცვლელად სამარჯვითა და ნიშნით აირჩევენ სამიზნებლის მიმართულებით რაიმე ორიენტირს, რომელიც შეიძლება აღებული იქნეს ჩრდილოეთის მიმართულებით. ჰორიზონტის მხარეები დაკავშირებულია ერთმანეთთან და თუ ცნობილია ერთი მათგანი შეიძლება გავიგოთ დანარჩენიც.

ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა კომპასის გარეშე

თუ ხელთ არა გვაქვს კომპასი მაშინ ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ადგილობრივი საგნების საშულებით, ხოლო ღამით ციური მნათობების დახმარებითაც. მაგალითად:
- ხეები, ქვები და კუნძები ხავსით იფარება ჩრდილოეთის მხრიდან. თუ ხავსი ხის ტანს ყველა მხრიდან ეკვრის, მაშინ ჩრდილოეთის მხარეს ფესვებთან იგი მომეტებულადაა გაზრდილი;
- ხის ქერქი ჩრდილოეთის მხრიდან ჩვეულებრივ უფრო უხეში და მუქია, ვიდრე სამხრეთიდან;
- ჭიანჭველების ბუდე, როგორც წესი, მდებარეობს უახლოესი ხეებისა და კუნძებისაგან სამხრეთით;
- გაზაფხულზე სამხრეთ ფერდობზე თოვლი დნება უფრო ჩქარა, ვიდრე ჩრდილოეთ ფერდობზე;
- პოლარული ვარსკვლავი, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედის ბოლო ვარსკვლავია, ყოველთვის მიმართულია ჩრდილოეთისაკენ.
აუცილებლობის შემთხვევაში ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრისათვის შესაძლებელია კომპასის კუსტარული წესით დამზადება. ამისათვის ვიღებთ ნემსს ან ლითონის წვრილ ღეროს, შალის ნაჭერზე ხახუნით ვმუხტავთ მას. ჭურჭელში ჩასხმულ ან დამდგარ წყალში ფრთხილად ვდებთ პატარა მოგრძო ფორმის ფოთოლს, რომელზეც ასევე ფრთხილად ვათავსებთ დამუხტულ ნემსს. ნემსის წვერი მიემართება ჩრდილოეთით.

ორიენტირების შერჩევა და გამოყენება


ადგილმდებარეობის რელიეფის ფორმებს და უძრავი საგნებს, რომელთა საშუალებითაც უშუალოდ განსაზღვრავენ თავის ადგილმდებარეობას, მიზნის განლაგებას და გვიჩვენებენ მოძრაობის მიმართულებას უწოდებენ ორიენტირებს. ისინი ჩვეულებრივ გამოირჩევიან ფორმით, შეფერილობით და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ადვილი ამოსაცნობია.
ორიენტირები იყოფა ფართობით, ხაზოვან და წერტილოვან ორიენტირებად.
ფართობით ორიენტირებს მიეკუთვნება: დასახლებული პუნქტები, მთები, ტყეების ცალკეული მასივები, დიდი ტბები, ჭაობები და სხვა ობიექტები, რომლებიც იკავებენ დიდ ფართობს, ადვილი ამოსაცნობი და დასამახსოვრებელია ადგილმდებარეობის შესწავლის დროს.
ხაზოვანი ორიენტირებს მიეკუთვნება: ადგილობრივი საგნები და რელიეფის ფორმები, რომლებსაც გააჩნიათ დიდი სიგრძე შედარებით მცირე სიგანის დროს, მაგალითად: გზები, მდინარეები, არხები, ელექტრო გადამცემი ხაზები. ვიწრო ხევები და ასე შემდეგ. როგორც წესი ისინი გამოიყენება მოძრაობის მიმართულების შესანარჩუნებლად.
წერტილოვან ორიენტირებს მიეკუთვნება: ტრიგონომეტრიული პუნქტები, ქარხნებისა და ფაბრიკების მილები, კოშკური ტიპის ნაგებობები, რეტრანსლატორები, გზების გადაკვეთები, მთის მწვერვალების პიკები, ორმოები და სხვა ადგილობრივი საგნები და რელიეფის ფორმები, რომლებსაც მცირე ფართობი უკავიათ. ეს ორიენტირებები ძირითადად გამოიყენება დგომის წერტილის, მიზნის, გადაადგილების მიმართულების ზუსტად განსაზღვრისათვის.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ორიენტირებს ენიჭება საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს. მათი ზუსტი შერჩევა აიოლებს დაზვერვას, საძიებო სამუშაოების წარმართვას და ორიენტირებას ადგილმდებარეობაზე. შეძლებისდაგვარად ორიენტირებს ირჩევენ თანაბრად ფრონტზე და სიღრმეში, რათა მოხდეს მიზნების ადგილმდებარეობის სწრაფი და ზუსტი დადგენა.
ქვედანაყოფის გადაადგილებასთან ერთად ნიშნავენ ახალ ორიენტირებს, რომელთა დანიშნულებაა შემდგომი მიმართულებით სწორი გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების შენარჩუნება.
მიზნის, ორიენტირის და ადგილობრივი სხვა საგნების ზუსტ განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვედანაყოფების მართვისათვის გადაადგილების დროს. მიზანჩვენება შეიძლება უშუალოდ შესრულდეს ადგილზე, ასევე რუკაზე ან აეროსურათებზე. ადგილმდებარეობაზე მიზნის სწორ განსაზღვრას ასრულებენ მკაცრი წესით, მოკლედ, მკაფიოდ და ზუსტად.
მიზანჩვენება ხშირად სრულდება სასიგნალო რაკეტებით. ამ მეთოდით მიზნის ჩვენებისათვის ადგენენ სასიგნალო რაკეტის ფერით და რაოდენობით, მიზნის მიღებისათვის ნიშნავენ დამკვირვებლებს, რომლებიც აკვირდებიან მითითებულ რაიონებს და მოახსენებენ სიგნალების გამოჩენის შესახებ.

ორიენტირება სხვადასხვა პირობებში


ღამით ორიენტირება შედარებით ძნელია, ვიდრე დღისით. ადგილმდებარეობის მრავალი საგნები და რელიეფის ფორმები, რომლებიც დღისით ადვილად შეიძლება ამოიცნოს, ღამით ძნელად ამოსაცნობია. ღამით ორიენტირების სიზუსტე დამოკიდებულია რუკისა და აეროფოტოსურათის წინასწარ შესწავლაზე, რომლის დროსაც იმახსოვრებენ ძირითად ხაზოვან და რელიეფურ ორიენტირებს. ამის გარდა ღამით უნდა ვიცოდეთ ჰორიზონტის რომელ მხარეს ხდება ქვედანაყოფების გადაადგილება. მოძრაობის მიმართულებას განსაზღვრავენ კომპასის საშუალებით და ამოწმებენ გადაადგილების დროს.
ღამით მოძრაობის მარშრუტს ძირითადად აღნიშნავენ ხაზოვანი ორიენტირების გასწვრივ, რომელიც აიოლებს მოძრაობის მიმართულების შენარჩუნებას. დამხმარე ორიენტირებად ძირითადად გამოიყენებენ ციურ მნათობებს, ასევე ადგილმდებარეობის საგნებს და რელიეფის ფორმებს. ღამით ორიენტირების დროს დიდი გამოყენება აქვს ღამის მხედველობის ხელსაწყოებს, სახმელეთო ნავიგაციურ აპარატურას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში რადიომოწყობილობას.
ზამთარში თოვლის საფარის გავლენით ადგილმდებარეობა თითქმის ერთფეროვანია. გზები, ორმოები, მდინარეები, ჭაობიანი ადგილები, რომელიც დაფარულია თოვლით, უჩინარია. ყოველივე ეს ართულებს ორიენტირებას. გადაადგილების დროს მოძრაობის მიმართულებას ღია ადგილზე ხშირად ინარჩუნებენ ნაკვალევის საშუალებით, ხოლო დახურულ ადგილზე კომპასის საშუალებით, საბრძოლო მანქანებზე გიროკომპასით. ყველაზე კარგ ორიენტირად ზამთარში ღამით გვევლინება დასახლებული პუნქტები, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, ხიდები დიდ მდინარეებზე და სხვა ხაზოვანი და ფართობითი ორიენტირები.
უდაბნოში ორიენტირება გართულებულია იმიტომ, რომ ის ერთფეროვანია, მასზე იშვიათად გვხვდება ადგილმდებარეობის საგნები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორიენტირად. ორიენტირებაზე უარყოფით გავლენას ახდენს მტვრის ბუღი. უდაბნოში ორიენტირად შეიძლება გამოყენებული იყოს ჭები, გამშრალი მდინარეების კალაპოტები, ხეების ჯგუფი, გეოდეზიური პუნქტების ნაგებობები: უდაბნოში მოძრაობისას მოცემულ მიმართულებას ინარჩუნებენ კომპასით და სახმელეთო ნავიგაციური ხელსაწყოებით. დამხმარე ორიენტირებად გამოიყენება ციური მნათობები, მანქანის ნაკვალევი და სხვა.
მთებში ორიენტირება გაძნელებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით. გადაადგილებას ახორციელებენ გზებზე და ბილიკებზე, წყაროებსა და მდინარეების გასწვრივ. ორიენტირად რელიეფის გამოყენების დროს საჭიროა გვახსოვდეს, რომ მისი მოხაზულობა მკვეთრად იცვლება სხვადასხვა წერტილიდან დაკვირვების დროს.

გადაადგილება აზიმუტის საშუალებით

მაგნიტური აზიმუტი არის ჰორიზონტალური კუთხე მაგნიტური მერიდიანის ჩრდილოეთ მიმართულებასა და საგნის მიმართულებას შორის, რომელიც იზომება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით 0-დან 360 გრადუსამდე. მაგნიტური აზიმუტი ისაზღვრება კომპასის საშუალებით.
აზიმუტის საშუალებით გადაადგილების მეთოდი ფართოდ გამოიყენება ადგილმდებარეობის საგნების სიმცირისას, ღამით და შეზღუდული მხედველობის დროს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაგნიტური აზიმუტით შენარჩუნებულ იქნეს მოძრაობის მოცემული მიმართულება და მანძილი. მიმართულების შენარჩუნება ხდება კომპასის ან გიროპოლუკომპასის საშუალებით, ხოლო მანძილებს ზომავენ ნაბიჯებით ან მანქანის მრიცხველით. აზიმუტით მოძრაობისას აუცილებელია რუკის მიხედვით წინასწარ განისაზღვროს საწყისი მონაცემები, მოძრაობის მიმართულების მაგნიტური აზიმუტი მოხვევის მარშუტის წერტილებს შორის და მანძილები წერტილებს შორის, რომელიც ფორმდება სქემის ან ცხრილის სახით.
4146
    

კომენტარები -
0

რეკლამა