ხანძრის გარჩევის მეთოდიკა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ხანძრის გარჩევის მეთოდიკა

მიზანი: მსმენელი გაეცნობა და შეისწავლის სახანძრო–სამაშველო დანაყოფის მოქმედებას ხანძარზე, ხანძრის წარმოქმნის, განვითარების და გავრცელების თავისებურებებს, ობიექტის ტაქტიკურ დახასიათებას, მომსახურე პერსონალის მოქმედებას, ხანძრის ჩაქრობისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, უსაფრთხოების ტექნკის წესების მოთხოვნებს, პირადი შემადგენლობის მუშაობის შეფასების მეთოდიკას.

თემის შინაარსი:
ა) ხანძრის გარჩევის მეთოდიკის მიზანი;
ბ) ხანძრის გარჩევის ფორმები;
გ) ხანძრის გარჩევა მეთაურთა შემადგენლობასთან;
დ)ხანძრის გარჩევა მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან.

რა მიზანს ისახავს ხანძრის გარჩევა?

>ხანძრისაგან დაზიანებული ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის, მისი ოპერატიულ-ტაქტიკური თავისებურებების ანალიზს;
>ხანძრის წარმოქმნისა და მისი განვითარების თავისებურებების, ხანძრის ჩაქრობის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მთავარი მოქმედებების და ობიექტის მოსამსახურეთა ქმედებების ანალიზს;
>სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, სახანძრო-პროფილაქტიკური საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზს;
>ობიექტზე ძალებისა და საშუალებების მართვის, სახანძრო ტექნიკისა და კავშირგაბმულობის, ახალი ცეცხლმაქრი საშუალებების და მათი გამოყენების მეთოდების ეფექტურობის ანალიზს;
>გაუთვალისწინებელი (შემთხვევითი) გარემოებების და მოვლენების ანალიზს, რომლებმაც გავლენა იქონიეს ხანძრის წარმოქმნასა და განვითარების პროცესზე, მათ მიზეზზე;
>უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ანალიზს.
მიღებული შედეგები გამოყენებული უნდა იქნეს:

>ანალოგიურ ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილებისათვის;
>სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორგანიზების გაუმჯობესებისათვის;
>სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრების ჩაქრობის და პროფესიული მომზადების დონის გაუმჯობესებისათვის.
ხანძრების გარჩევა იგეგმება და ტარდება სამუშაო დროს, პროფესიული მომზადების პერიოდში ან სხვა ნებისმიერ დროს, რომელსაც განსზღვრავს სახანძრო–სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელობა.

კითხვები:
1.რა მიზნებს ისახავს ხანძრის გარჩევა?

ბ)ხანძრის გარჩევის ფორმები

ხანძრის გარჩევის რა ფორმები არსებობს?

ცნობილია ხანძრის გარჩევის შემდეგი ფორმები:
>ხანძრის გარჩევა სახანძრო-სამაშველო დანაყოფში (მისი შესწავლის შემდეგ) მეთუართა შემადგენლობის მონაწილეობით;
>სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მომხდარი ხანძრების გარჩევა (დანაყოფის მეთაურთა შემადგენლობის მონაწილეობით);
>ხანძრის გარჩევა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან.
სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გასვლის რაიონში მომხდარი ყველა ხანძარი ექვემდებარება გარჩევას უმოკლეს ვადაში მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან.
მომხდარი ხანძრის გარჩევას სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მეთაურთა შემადგენლობასთან აწარმოებენ ხანძრის შემსწავლელი პირები.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან ხანძარის გარჩევას ატარებენ მორიგე ცვლის უფროსები ან ის პირები, რომლებიც დანაყოფის უფროსის ან მისი მოადგილის მეთაურობით (განკარგულებით), ხელმძღვანელობდნენ მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მოქმედებებს განსახილველი ხანძრის ჩაქრობის პროცესში, ხოლო სხვა მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ხანძრის ჩაქრობაში, მომხდარი ხანძრის შემთხვევებს განიხილავენ სახანძრო–სამაშველო დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე.

ხანძრის გარჩევა სახანძრო–სამაშველო დანაყოფების მეთაურთა შემადგენლობას (პირად შემადგენლობას) საშუალებას აძლევს გაათვითცნობიეროს, ახსნას ხანძარზე განვითარებული პროცესებისა და მოვლენების უმრავლესობა, განსაზღვროს მათი თანმიმდევრობა და ურთიერთკავშირები, წარმოშობის მიზეზები

რა ამოცანებს ისახავს ხანძრების გარჩევა?

>სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მეთაურთა მოქმედებების ღრმა, ყოვლისმომცველი და ობიექტური ანალიზის ჩატარება;
>კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება დანაყოფების პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების დონის ამაღლების მიზნით;
>სხვადასხვა ობიექტებზე, ხანძრების წარმოშობის და მათი განვითარების სხვადასხვა პირობებში ცეცხლის ჩაქრობის მეთოდების დახვეწა.

ხანძრის გარჩევა აყალიბებს სახანძრო-პროფილაქტიკურ საქმიანობისა და ხანძრის ჩაქრობის საკითხების ერთიან თვალთახედვას. ხანძრის გარჩევა არ წარმოადგენს სახანძრო–სამაშველო სამსახურების დანაყოფების მეთაურთა და პირადი შემადგენლობის სწავლების ეპიზოდურ ფორმას – იგი მუდმივი პროცესია

ხანძრის გარჩევისას აუცილებელია:

> განისაზღვროს თუ რა მიზანს და ამოცანას ისახავს ხანძრის გარჩევა, მისი შინაარსი, დრო და განხილვის ადგილი;
> შემუშავდეს ხანძრის გარჩევის გეგმა;
> მომზადდეს დამხმარე მასალები და ლიტერატურა ( სქემები, გეგმები, ნახატები, ფოტო და ვიდეომასალები, ნახაზები, ცხრილები, დიაგრამები, ტექნიკური საშუალებები და ა.შ.), რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ხანძრის განვითარებისა და ჩაქრობის პროცესს;
>მატერიალური უზრუნველყოფა და იმ დოკუმენტებისა და ლიტერატურული წყაროების ჩამონათვალის შედგენა, რომლებიც გამოიყენება დასკვნების, ახსნა-განმარტებების და წინადადებების მოსამზადებლად;
>მეცადინეობის წარმართვის თანმიმდევრობას, თითოეულ განსახილველ საკითხზე დროის განაწილებას;
>თანამდებობების პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ხანძრის გარჩევაში (თუ ეს დაგეგმილია).

კითხვები:
1. ჩამოთვალეთ ხანძრის გარჩევის ფორმები
2. რა არის აუცილებელი ხანძრის გარჩევისას?

გ)ხანძრის გარჩევა მეთაურთა შემადგენლობასთან

სახანძრო–სამაშველო დანაყოფის გასვლის რაიონში მომხდარი ხანძრების გარჩევას ამ დანაყოფის მეთაურთა შემადგენლობასთან ატარებენ ის პირები, რომლებმაც შეისწავლეს მომხდარი ხანძარი. ამიტომ ხანძრის განხილვისათვის მათი მომზადება ხორციელდება ხანძრის შესწავლის პროცესში გარკვეული თანმიმდევრობის დაცვით.
ხანძრის წარმოქმნასთან, განვითარებასა და ჩაქრობასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლისას იკვეთება მრავალი ფაქტორი, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელობისაა და არაერთგვაროვნად მოქმედებს ხანძრის წარმოქმნაზე, განვითარებასა და ჩაქრობაზე. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია არა მხოლოდ ხანძრის წარმოქმნის, განვითარებისა და ჩაქრობის მონაცემების გამოვლენა, არამედ მათი დაჯგუფება გარკვეული საერთო ნიშნებით.
მონაცემებს ხანძრის წარმოქმნის მიზეზების შესახებ აერთიანებენ ერთ ჯგუფში, მონაცემებს მისი გავრცელების შესახებ – მეორეში, ხოლო ჩაქრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას – მესამე ჯგუფში და ა.შ. ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოვლენისას აღადგენენ ხანძრის გაჩენის და განვითარების კონკრეტულ პირობებს. თუ ცნობილია სხვა ხანძრის გაჩენის და მისი განვითარების ანალოგიური პირობები და მიზეზები, მაშინ სავალდებულო ხდება მათი გაანალიზება და განხილვისათვის გამოყენება.

ხანძრის გარჩევის მომზადებისას ავლენენ და აჯგუფებენ მონაცემებს, რომელთა საშუალებით შეიძლება განისაზღვროს:

>ხანძრის თავისუფალი გავრცელების (წვის დაწყების მომენტიდან მის აღმოჩენამდე), დანაყოფში ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღების, შეკრებისა და მსვლელობის, ძირითადი მოქმედებების (გაშლის და ცეცხლმაქრი ნივთიერებების და საშუალებების შეყვანის) დრო;
> წრფივი სიჩქარე ხანძრის თავისუფალი გავრცელების და ლოკალიზაციის პერიოდებში;
> ხანძრის ფართობი პირველი სახანძრო დანაყოფის მისვლის, ლოკალიზაციის, დამატებითი ძალებისა და საშუალებების ჩართვის მომენტში;
> დაკვამლიანების ზონის საზღვრები და მათი ცვალებადობა ხანძრის განვითარებისა და ჩაქრობის პროცსში;
> წვადი ნივთიერებების, მასალების ამოწვის სისწრაფე და ფაქტორები, რომლებიც ახდენენ მათზე გავლენას;
> ხანძრის განვითარებისა და ჩაქრობის პროცესში ტემპერატურის რეჟიმისა და აირის ცვლა;
> ხანძრის პირობებში სამშენებლო კონსტრუქციების მდგომარეობა, ხანძრის ზემოქმედება ტექნოლოგიურ პროცესებზე, აპარატებსა და მოწყობილობებზე, ხანძრის შედეგი

ზემოთ მოყვანილი მონაცემების გამოვლენასთან ერთად დგინდება:

> დანაყოფში ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღების, პირველი დანაყოფის გასვლის დრო და ის ფაქტორები, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინეს მათზე;
> გამოძახების ადგილისაკენ დანაყოფის მსვლელობის სიჩქარე;
> ხანძრის ვითარება პირველი დანაყოფებისა და ოპერატიული ხელმძღვანელობის მისვლის მომენტში;
> პირველი და მომდევნო დანაყოფების მოქმედების ეფექტურობა ადამიანების გადარჩენის, ქონების ევაკუაციის, ხანძრის ჩაქრობის და სხვა მოქმედებების განხორციელებისას;
> დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვის სისწრაფე;
> ხანძრის ლოკალიზციისა და ლიკვიდაციის ხანგრძლივობა;
> ხანძრის ჩაქრობის დროს გამოყენებული ძალებისა და საშუალებების რაოდენობა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება იქონიოს გავლენა.

ხანძრის განვითარებისა და ჩაქრობის შესახებ მონაცემების შეკრებასთან ერთად, განხილვის მომზადების და ჩატარებისათვის საჭიროა შეგროვდეს საილუსტრაციო მასალა (სქემები, ფოტო და კინომასალა, ნახაზები, ნახატები და ა.შ.), რომლის გამოყენება იძლევა ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის ან პროცესის დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობას.
ხანძრის წარმოქმნის, განვითარების და ჩაქრობისათვის ყველა საჭირო მონაცემის გამოვლენის შემდეგ, ხორციელდება მათი ანალიზი, რომელიც გულისხმობს: წინასწარი მონაცემების დამუშავებას, გრაფიკებისა და დიაგრამების გამოსახვას, ხანძრის წარმოქმნის, განვითარებისა და ჩაქრობის თავისებურებებისა და ფაქტების დადგენით.
ხანძრის გარჩევისას აუცილებელია ჩატარდეს ხანძრის წარმოქმნის, განვითარებისა და ჩაქრობის დროის თითოეული მონაკვეთის ანალიზი;
თუ ანალიზის პროცესში გამოირკვევა, რომ ხანძრის აღმოჩენა მოხდა დაგვიანებით, მაშინ, საჭიროა ამ ფაქტის მიზეზების გამოვლენა და იმის განსაზღვრა თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად (ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სისტემების დაყენება, ობიექტის სახანძრო სამსახურის მომზადების დონის ამაღლება და სხვ.).
ხანძრის დაგვიანებით აღმოჩენა შეიძლება უკავშირდებოდეს: ხანძრის ობიექტზე კავშირგაბმულობის საშუალებების არარსებობას ან ამ საშუალებების ხანძრის ადგილიდან დაშორებას. ობიექტის მომსახურე პერსონალის საკუთარი ძალებით ხანძრის ლიკვიდაციის მცდელობას (სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გამოძახების გარეშე) და სხვ.
განგაშის სიგნალზე დანაყოფის პირადი შემადგენლობის შეკრება და გასვლა რეგულირდება შესაბამისი ნორმატივებით. თუ დანაყოფის შეკრებას და გასვლას ნორმატივებით დაშვებულზე მეტი დრო დასჭირდა, მაშინ საქმე გვაქვს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების დაბალ დონესთან.
ხანძარზე ოპტიმალური მარშრუტებით მსვლელობა, გაუთვალისწინებელი წინაღობების დაძლევა, შემოვლითი გზების ცოდნა, პირდაპირ კავშირშია დანაყოფის მეთაურთა შემადგენლობის და მძღოლების პროფესიულ მომზადებასთან.
თუ ხანძრის გარჩევისას აღმოჩნდა, რომ ხანძარზე მსვლელობის დრო მეტად ხანგრძლივია, მაშინ ზემოთხსენებული მოსაზრების დადასტურება ან უარყოფა ხდება პრაქტიკულად – ამავე დანაყოფთან ერთად დისლოკაციის ადგილიდან ხანძრის კერამდე მოქმედებების გამეორებით.

გაშლის დრო დამოკიდებულია:

> მანძილზე წყალსაცავსა და მელულის პოზიციამდე;
> მაგისტრალური სახელოების ხაზების გაყვანაზე;
> მელულეების პოზიციებზე;
> სახელოების გაყვანის გზებსა და ხერხზე;
> დანაყოფის პირადი შემადგენლობის მზადყოფნაზე და სხვა ფაქტორებზე.

გაშლის ზოგიერთი სქემისათვის დადგენილია ნორმატივები. ამიტომ, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას აღნიშნული ნორმატივების მოთხოვნების შესრულება, რათა დანაყოფის მიერ შეფასებული იქნეს ტაქტიკური შესაძლებლობლობები და იმ სახანძრო მანქანების გამოყენების მიზანშეწონილობა, რომლებიც დაყენებულნი იქნენ უახლოს წყლის წყაროზე

ლოკალიზაციის თეორიული დრო - ეს არის დრო ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების მომენტიდან ცეცხლის განვითარების შეწყვეტის მომენტამდე. ის განისაზღვრება წყლის ხარჯვის საჭირო და ფაქტიური შეფარდებითი გრაფიკით

გრაფიკით მიღებულ ლოკალიზაციის დროს ადარებენ ლოკალიზაციის ფაქტიურ დროს, თუ ფაქტიური დრო გაცილებით აჭარბებს გათვლით მიღებულ საჭირო დროს, მაშინ ჩასატარებელია დანაყოფების მოქმედებების ანალიზი, რათა გამოვლინდეს მიზეზები – ეს შეიძლება იყოს:
> დაზვერვის არასწორი ჩატარება და სახანძრო–სამაშველო დანაყოფების მოქმედებების ძირითადი მიმართულებების არასწორი განსაზღვრა;
> დაბალი სიმძლავრის წყლის ლულების მიწოდება;
> სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი დამატებითი ძალებისა და საშუალებების არადროული გამოძახება ან მათი არეფექტური ჩართვა ხანძრის ჩაქრობის პროცესში.

ლიკვიდაციის დრო განისაზღვრება:

>ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათებით;
>გამოყენებული ცეცხლმაქრი ნივთიერებების სახეობით;
>გაზკვამლდამცავი რგოლების გამოყენებით ან არგამოყენებით, მათი რაოდენობით.
ხანძრის გარჩევის პროცესი უნდა მოიცავდეს არამხოლოდ უარყოფით მომენტებს, არამედ იმ მიზეზებსაც, რომლებმაც გამოიწვიეს უარყოფითი შედეგები და ღონისძიებების დაგეგმვას ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

რა მონაცემებს ადგენენ ხანძრის განვითარების ანალიზის დროს?

> ცეცხლის გავრცელების სიჩქარეს და მისი ცვალებადობის მიზეზებს;
> ცეცხლის გავრცელების უპირატეს მიმართულებას, მის გამომწვევ მიზეზებს;
> ხანძრის ფართობისა და პერიმეტრის ცვლას, ამ მოვლენის მნიშვნელობას;
> ხანძრის დროს დაკვამლიანებისა და აირის ცვლის სისწრაფეს, ამ მოვლენის მიზეზებსა და შედეგებს;
> აფეთქებების, კონსტრუქციების და ტექნოლოგიური დანადგარების ჩამონგრევის, სხვა საფრთხის შემცველ მიზეზებს და შედეგებს.

რას ეძლევა შეფასება ხანძრის ჩაქრობის პროცესის ანალიზის დროს?

> დაზვერვის ჩატარების ხარისხსა და მართლზომიერებას;
> ხანძრის დროს შექმნილ ვითარებას;
> ცეცხლმაქრი საშუალებების ეფექტურად გამოყენებას;
> დანაყოფების მიერ მთავარი მოქმედებების წარმართვის ხერხებს;
> ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების მართლზომიერებას და მათი შესრულების ხარისხს;
> ოპერატიული შტაბის უფროსის, ზურგის უფროსის, სექტორის (უბნის) ხელმძღვანელის და ხანძარზე მოზიდული დანაყოფების მოქმედებების ეფექტურობას, მიღებული გადაწყვეილებების შესრულების დროს;
> ცეცხლმაქრი საშუალებების შეყვანის სიჩქარეს და მათი მიწოდების ინტენსიურობას;
> მელულეების, სახანძრო ავტომობილების მძღოლების, მეკავშირეების გამართულ და მართლზომიერ მუშაობას;
> ლოკალიზაციის ფაქტიური და თეორიული ხანგრძლივობის შესაბამისობას;
> რამდენად საკმარისია მოზიდული ძალები და საშუალებები ხანძრის ჩაქრობისათვის, რამდენად სწრაფად მოხდა მათი მოსვლა;
> თანამდებობის პირების და დანაყოფების მუშაობის დროს დაფიქსირებულ ხარვეზებს და დადებით მხარეებს.

ხანძრის გარჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

> ცეცხლის გავრცელების სიჩქარეს;
> ხანძრის ფარდობის და პერიმეტრის ზრდას;
> ცეცხლმაქრი ნივთიერებების ინტენსიურ მიწოდებას.

ხანძრის განვითარებისა და ჩაქრობის საფუძვლიანი ანალიზი იძლევა ხანძრების წარმოშობის, განვითარებისა და ჩაქრობის საკითხებთან დაკავშირებული ობიექტური დასკვნების გაკეთების საშუალებას

დასკვნებში უნდა აისახოს:

>კონკრეტული და ობიექტური შეფასებები იმ პირების მოქმედებების შესახებ, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ხანძრის წარმოქმნასთან, განვითარებასთან და ჩაქრობასთან;
>რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ობიექტებზე და დასახლებულ პუნქტებში სახანძრო-პროფილაქტიკური მუშაობის დონის ამაღლებას, ხანძრის ჩაქრობის ხარისხის გაუმჯობესებას.

კონკრეტულ სახანძრო–სამაშველო დანაყოფში თანამდებობის პირებისათვის ხანძრის გარჩევას აწარმოებენ შემდეგი თანმიმდევრობით:

> დანაყოფის ხელმძღვანელი უცხადებს მეთაურთა შემადგენლობას თემას, განხილვის მიზანს, წესსა და რიგს და გადასცემს სიტყვას პირს, რომელმაც მოიკვლია ხანძარი;
> პირი, რომელმაც მოიკვლია ხანძარი ან ხანძრის მოკვლევის ჯგუფის უფროსი დამსწრეთ აცნობს, იმ ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკურ დახასიათებას, რომელზეც გაჩნდა ხანძარი, აგრეთვე, ობიექტის ხანძარსაწინაარმდეგო მდგომარეობის თავისებურებებს, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ადგილობრივი ძალების და საშუალებების პირველად მოქმედებებს, მათ შორის იმ ღონისძიებებს, რომლებიც მოსამსახურეებმა განახორციელეს ხანძრის შეტყობინების, ხანძრის ჩაქრობის, სახანძრო–სამაშველო დანაყოფების დახვედრის დროს;
> ისმინება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის, ოპერატიული შტაბის უფროსის, სექტორების (უბნის) ხელმძღვანელების, ზურგის უფროსის და სხვა თანამდებობის პირების მოკლე მოხსენებები;
> განხილვაში მონაწილე მეთაურთა შემადგენლობა გამოთქვამს თავის მოსაზრებებს და წინადადებებს ხანძრის ჩაქრობის პროცესში გამოვლენილი თავისებურებების შესახებ;
> პირი, რომელმაც მოიკვლია ხანძარი განაზოგადებს გამომსვლელთა მოსაზრებებს და წინასწარი ანალიზის საფუძველზე ახასიათებს მეთაურთა და დანაყოფების პირადი შემადგენლობის საქმიანობაში გამოვლენილ ხარვეზებს;
> დანაყოფის ხელმძღვანელი აკეთებს საბოლოო დასკვნებს ხანძრის განხილასთან დაკავშირებით, დანაყოფის პირადი შემადგენლობის წინაშე სახავს ამოცანებს, რომლებიც მიმართულია ხანძრის ჩაქრობის ორგანიზების და პროფილაქტიკური საქმიანობის გაუმჯობესებისათვის.

ხანძრის განხილვას შეიძლება ესწრებოდეს პირი, რომელიც არ იცნობს ხანძრის ობიექტის თავისებურებებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია დეტალურად წარმოდგენილი იქნას ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათება – რისთვისაც აუცილებელია:
> გამოყენებული იქნეს ობიექტის სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევის დოკუმენტები;
> გაანალიზებული იქნეს გამოკვლევის დროს დაფიქსირებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დარღვევები და ხანძრამდე მათი აღმოფხვრის შესაძლებლობის მიმდინარეობა;
> მითითებული იქნეს ადმინისტრაციული ზომები და იმ დარღვევების ჩამონათვალი, რომლებმაც ხელი შეუწყეს ხანძრის წარმოქმნასა და მის სწრაფ გავრცელებას, ხელი შეუშალეს დანაყოფების მოქმედებებს.

დანაყოფის მისვლამდე ხანძრის ჩაქრობაზე მიმართული პირველადი მოქმედებების ანალიზის დროს, საჭიროა შეფასდეს ადგილობრივი ძალებისა და საშუალებების მზადყოფნა, ხანძრის აღმოჩენის დროს მათი მოქმედებების მართლზომიერება, აგრეთვე ობიექტის ადმინისტრაციის, დაცვის, მომსახურე პერსონალის მოქმედებების სისწორე.
ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, შტაბის უფროსი, სექტორის (უბნის) და ზურგის უფროსი აღწერენ ვითარებას, რომელიც დახვდათ გამოძახების ადგილზე მისვლისას, ოპერატიული შტაბის გაშლის და უბნებზე განაწილების მომენტში, თუ რა ზომები იქნა მიღებული ხანძრის ჩაქრობაში ჩართული ძალებისა და საშუალებების მიერ.
დანაყოფების ხელმძღვანელები, რომლებიც გამოცხადდნენ ხანძარზე დამატებითი გამოძახებით, განმარტავენ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისაგან მიღებულ განკარგულებებს და ამ განკარგულებების შესაბამისად მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.
თუ ხანძრის ჩაქრობის დროს მოხდა ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის შეცვლა, მაშინ ყოველი მომდევნო ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი განმარტავს არამარტო გამოძახების ადგილზე შექმნილ ვითარებას მისი მისვლის მომენტში ან მის გადაწყვეტილებებს, არამედ აკეთებს წინა ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის საქმიანობის ანალიზს და შეფასებას.
იმისათვის, რომ უფრო ღრმად და ობიექტურად შეფასდეს ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები და უფრო საფუძვლიანი შეფასება მიეცეს განსახილველ საკითხებს, სასურველია გარჩევაში მონაწილეობა მიიღოს ყველა მსურველმა, მიუხედავად იმისა მონაწილეობდა ის ხანძრის ჩაქრობაში თუ არა, რათა დაფიქსირდეს ხანძრის გარჩევაში მონაწილეთა აზრი.
განხილვაში მონაწილეთა გამოსვლის შემდეგ პირი, რომელმაც მოიკვლია ხანძარი დეტალურად აანალიზებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე დანაყოფების ძალებისა და საშუალებების მართვის საკითხებს (იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი არ იყო უფროსი მეთაური) და იმ მეთაურთა გამოსვლებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა ხანძრის ჩაქრობაში. შედეგად კეთდება დასკვნები, რომელთა საფუძველზე მუშავდება კონკრეტული ღონისძიებები.

კითხვები:

1. რა ფაქტებზეა დამოკიდებული გაშლის დრო?
2. რითი განისაზღვრება ლიკვიდაციის დრო?
3. რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება ხანძრის გარჩევის დროს?
4. რა თანმიმდევრობით აწარმოებენ ხანძრის გარჩევას?

დ) ხანძრების გარჩევა მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან

თითოეულ ხანძარს, რომელიც დაფიქსირდა სახანძრო–სამაშველო დანაყოფის გასვლის რაიონში იხილავენ მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან, რომელებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ხანძრის ჩაქრობაში.
განხილვას ატარებს მორიგე ცვლის უფროსი მორიგეობის დასრულებისას. სხვა მორიგე ცვლებს გარჩევის შესახებ ზეპირი შეტყობინების სახით ინფორმაციას აწვდის (მორიგეობაზე გასვლის დღეს ან სხვა დროს) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე.
ხანძრის განხილვისათვის მორიგე ცვლის უფროსი ემზადება ჯერ კიდევ ხანძრის ჩაქრობის პროცესში, ამიტომ ხანძრის ჩაქრობის პარალელურად ის ვალდებულია:
> დაადგინოს ხანძრის გამომწვევი და გავრცელების მიზეზები;
> დააფიქსიროს ვითარება ხანძარზე მისვლისას და მისი ცვალებადობის თავისებურებები;
> დააფიქსიროს პირადი შემადგენლობის მოქმედებები ხანძარზე (რეკომენდირებულია ყველა ფაქტის ჩანიშვნა მისი დაწყებიდან დასრულებამდე);
> უზრუნველყოს ხანძრის წარმოქმნის, განვითარებისა და ჩაქრობის სქემის მომზადება (შეადგინოს ნახაზი, ესკიზი), ხანძარზე შექმნილი კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე;
> დაბრუნების შემდეგ გააანალიზოს მის მიერ მოპოვებული მონაცემები და ხანძრის განხილვის მოკლე გეგმასთან ერთად შეადგინოს ხანძრის ჩაქრობის დროს ძალებისა და საშუალებების განლაგების სქემა.
დანაყოფის პირად შემადგენლობასთან ხანძრის განხილვა ხორციელდება მას შემდგომ, რაც განხილვა ჩატარდება მეთაურთა შემადგენლობასთან ან ხანძრის ჩაქრობისთანავე. ეს უკანასკნელი ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი სახანძრო–სამაშველო დანაყოფი.
ხანძრის განხილვა მორიგე ცვლის პირად შემადგენლობასთან არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მორიგე ცვლის უფროსის (ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი) და ათეულის მეთაურების გამოსვლებით.
მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობასთან ხანძრის განხილვა იწყება ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათებით (განმარტებით ან დაზუსტებით). მორიგე ცვლის უფროსი, აზუსტებს ობიექტის იმ თავისებურებებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ხანძრის წარმოქმნას და მის შემდგომ განვითარებას, დააბრკოლა დანაყოფების ოპერატიული მოქმედებები. ამ დროს გამოიყენება ობიექტის სქემები, ხანძრისაგან დაზიანებული ნაგებობების გეგმები და მონაცემები.
სახანძრო-სამაშველო დანაყობის დისპეტჩერი განმარტავს თავის მოქმედებებს: როდის შევიდა ინფორმაცია ხანძრის შესახებ, რა შინაარსის იყო ის და რა ღონისძიებები გატარდა ინფორმაციის მიღების შედეგად.
სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მორიგე ცვლის უფროსი განმარტავს იმ ვითარებას, რომელიც მას დახვდა ხანძარზე მისვლის მომენტში, წარმოადგენს ობიექტის სქემას, დეტალურად განიხილავს თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო და რა განკარგულებები გასცა ხანძრის ჩაქრობის პროცესში.
სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ათეულის მეთაური საუბრობს განკარგულებებზე, რომლებიც მიიღო ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისაგან, აგრეთვე მის მიერ გაცემულ განკარგულებებზე. დახასიათებას აძლევს და აფასებს დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.
ხანძრის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მეხანძრე-მაშველების მოქმედებებს, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოიჩინეს ინიციატივა, გამოამჟღავნეს მოქმედებების სისწრაფე და საღი აზროვნება, აგრეთვე თავდადება და სიმამაცე ადამიანების გადარჩენის, ქონების ევაკუაციის და ხანძრის ჩაქრობის დროს.
ათეულის მეთაური ვალდებულია, მიუთითოს თითოეულ მეხანძრე-მაშველს იმ ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც ახლდა მათ მოქმედებებს, აუხსნას მათ ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და დასახოს მათი აღმოფხვრის გზები.
სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებებზე თუ რა განკარგულებები მიიღეს და როგორ გაიგეს მათი არსი, რა ღონისძიებები გაატარეს მათ შესასრულებლად, ვისთან ურთიერთმოქმედებდნენ განკარგულების შესრულების პროცესში და რა შეცდომები იქნა დაშვებული ამ ურთიერთქმედებისას (მათი აზრით). თუ მეხანძრე-მაშველი თავს არიდებს საჯარო გამოსვლას, მაშინ მორიგე ცვლის უფროსმა უნდა დაუსვას მას შეკითხვები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მეხანძრე-მაშველის პასუხებმა წარმოაჩინოს ხანძარზე გაწეული მუშაობა და გაადვილოს მისი ანალიზი.
სხვა მორიგე ცვლებში, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ხანძრის ჩაქრობაში, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე განაზოგადებენ ყველა გამოსვლას, ანალიზის საფუძველზე გააკეთებენ საბოლოო დასკვნებს მოცემულ ხანძარზე მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მოქმედებების შესახებ. დასასრულს იგეგმება ღონისძიებები ხანძრის ჩაქრობის და პროფილაქტიკური საქმიანობის გასაუმჯობესების მიზნით.
ხანძრის განხილვის შედეგების მიხედვით სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე აწარმოებს გასაუბრებას ათეულისა და მორიგე ცვლის უფროსებთან. გასაუბრებების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მორიგე ცვლაში, ათეულში მეხანძრე-მაშველთა ურთიერთმოქმედების ანალიზს, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით ამოცანების დასახვას.

კითხვები:

1. ვინ მონაწილეობს მორიგე ცვლის მიერ ჩატარებულ ხანძრის გარჩევაში?
2. რა თანმიმდევრობით ტარდება ხანძრის გარჩევა მორიგე ცვლაში?

გამოყენებული ლიტეარატურა:

1.„საქართველოს კანონი სახანძრო უსაფრხოების შესახებ“ N2088–IIს 2005 წლის 11 ნოემბერი;
2.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის N649 ბრძანება „სახანძრო–სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“;
3.
3166
    

კომენტარები -
0

რეკლამა