Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  მრავალგზის ჩემპიონი
> სტატია(სპორტი) > მრავალგზის ჩემპიონი

მრავალგზის ჩემპიონი


28-02-2018, 18:41. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა

სახანძრო - გამოყენებით სპორტში პირად პირველობაზე რესპუბლიკური შეჯიბრებისათვის მომზადებას საქართველოს სპორტსმენები დიდი მონდომებით შეუდგნენ. გივი ბუკია ენერგიის დაუზოგავად ვარჯიშობდა, ოსტატდებოდა, იწრთობოდა.
და აი დადგა 1965 წელი. გივი მზად იყო საასპარეზოდ და თბილისში გამგზავრების წინ თავის მეგობრებსა და კოლეგებს დაბეჯიებით ეუბნებოდა:
-ეს ჩემი პირველი გამოსვლაა ფართო ასპარეზზე, მაგრამ იმედი მაქვს თავს არ შევირცხვენ. თუ ვინცობაა სპორტულმა იღბალმა მიღალატა, ფარხმალს მაინც არ დავყრი და დღეს თუ არა, ხვალ მაინც ავალ კვარცხლბეკის იმ საფეხურზე, სადაც მხოლოდ გამარჯვებულები დგებიან.
მეხანძრეები თბილისიდან დიდი გულისყურით ელოდნენ ცნობებს შეჯიბრების შედეგებზე.
და აი თბილისიდან მოდის სასიხარულო ცნობა - საქართველოს 1965 წლის პირად პირველობაზე სახანძრო-გამოყენებით სპორტში გივი ბუკია პირველად გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი, მანვე შეასრულა სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ნორმატივი.
საზეიმო განწყობა იყო იმ დღეებში ფოთის პროფესიულ სახანძრო დაცვაში. რესპუბლიკურ პირად პირველობაზე გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვედრა მოუწყვეს მისმა მეგობრებმა, ქალაქის სპორტკავშირის აქტივმა.
გ. ბუკია თვით არ იყო დამშვიდებული, იგი მიწვეული იყო რესპუბლიკის ნაკრებ გუნდში და ამჯერად უფრო დიდ სარბიელზე მოუწევდა დაძაბული პაექრობა. დადგა ახალი ზღუდეთა გადალახვის პერიოდი. გივი თავისი სპორტული ჩანთით გაემგზავრა. აქ თავი მოიყარეს მოკავშირე რესპუბლიკების, აგრეთვე მოსკოვისა და ლენინგრადის ნაკრებმა გუნდებმა.
შეჯიბრებაში თავიდანვე ქართველი სპორტსმენები დაწინაურდნენ. ჩვენი რესპუბლიკის კოლექტივიდან ყველაზე მეტი ჩასათვლელი ქულა გუნდს მისმა კაპიტანმა გ. ბუკიამ მოუტანა. ფინიშზე ქართველ სპორტსმენებს გაუსწრეს რსფსრ-ს და ლენინგრადის მეხანძრე სპორტსმენებმა. ქართველი სპორტსმენები მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ და გუნდის ყველა წევრმა, მათ შორის გ. ბუკიამ მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
აქედან დაწყებული მესამე პროფესიული სახანძრო ნაწილის სპორტმოედანზე ფოთის ნაკრები გუნდის წევრები გ. ბუკიას მეთაურობით ყოველდღიურ წვრთნას გადიოდნენ, ისინი უფრო მშვიდად, მაგრამ მკაცრი რეჟიმის დაცვით ვარჯიშობდნენ, ხვეწდნენ და ამუშავებდნენ მამაცთა და გამბედავთა სპორტის ცალკეულ სახეობებს, ემზადებოდნენ 1966 წლის რესპუბლიკის პირად - გუნდური პირველობისათვის.
შეჯიბრების მონაწილეთა შორის იყვნენ სპორტის ოსტატებითა და პირველი თანრიგოსანი სპორტსმენებით დაკომპლექტებული თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, მახარაძის, ახალციხისა და ტყიბულის ძლიერი გუნდები. დიდი წარმატება ხვდათ წილად ფოთელ მეხანძრე სპორტსმენებს, რომლებიც გუნდურ ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე გამოვიდნენ, გუნდს გადაეცა გარდამავალი ვიმპელი და თასი.
შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა თბილისის კოლექტივმა, მეორე ადგილი ბათუმელებს ერგოთ.
ფოთის გუნდის ღირსებას იცავდნენ: ბ.ბჟალავა, ვ.ფოჩხუა, გ. ბუკია, ნ.გურგენაძე, ჯ. სოსელია, ვ.ნოვიკოვი, შ. ნარსია და პ.ჭანტურია, პირად პირველობაზე თავი ისახელეს ფოთელთა კვარტეტმა გ.ბუკიას, ჯ.სოსელიას, ვ.ნოვიკოვისა და ნ.გურგენაძის შემადგენლობით. ამ ოთხეულთა ესტაფეტაში (4X100)) ფინიშზე ყველა მეტოქეს გაუსწრო და პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება სახანძრო - გამოყენებით სპორტის ამ სახეობაში.
კარგ შედეგს მიაღწია პირად გამოსვლაში ოსტატმა გ.ბუკიამ. ას მეტრზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში მან უკან ჩამოიტოვა ყველა ძლიერი მეტოქე და მოიპოვა რესპუბლიკის ჩემპიონისა და საქართველოს რეკორდსმენის სახელი. გ. ბუკიამ ორჭიდელთა შეჯიბრებაშიც ისახელა თავი და აქაც პირველობა არავის დაუთმო.
საქართველოს პირველობასთან ერთად თბილისში „დიმანოს“ სტადიონზე პარალელურად ჩატარდა მეხანძრე სპორტსმენთა სამატჩო შეხვედრა. შესარჩევ შეჯიბრებაში მონაწილეობდენ უკრაინის, ლენინგრადისა და საქართველოს ნაკრები გუნდები. ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში გამოდიოდნენ სპორტის ოსტატები გ. ბუკიას მონაწილეობით, 400-მეტრიან ესტაფეტაში საკავშირო რეკორდი დაამყარა.
„ფოთელმა ჯადოქარმა“, როგორც მას აღტაცებაში მოსული მაყურებლები უწოდებდნენ, კიდევ ერთი არაოფიციაულური რეკორდი დაამყარა - იგი ასპარეზობაში ოთხი ფასიანი ჯილდოს მფლობელი გახდა.
1967 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ნაკრები გუნდების მატჩები სახანძრო გამოყენებით სპორტში, ასპარეზობა ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავს ეძღვნებოდა. თბილისელმა სპორტის მოყვარულებმა იცოდნენ, რომ ამ ასპარეზობაში კვლავ იხილავდნენ გივი ბუკიას, ამიტომაც იყო, რომ სტადიონს ზღვა ხალხი ეწვია, შეჯიბრება დაიწყო ასმეტრიან დაბრკოლებათა ზოლის გადალახვით, სომეხი, აზერბაიჯანი და ქართველი მეხანძრე სპორტსმენები უჩვენებდნენ თავიანთ ოსტატობას. პირად ჩათვლაში ყველას აჯობეს გივი ბუკიამ და საქართველოს ნაკრებმა, ადგილზე გამოვიდნენ აზერბაიჯანელი სპორტსმენები, მესამე ადგილი სომეხ სპორტსმენებს ერგოთ.
„მეხანძრეთა მეფე“ - ასე უწოდა გივი ბუკიას ლენინგრადელმა ჟურნალსიტმა ა. ორლოვმა მას შემდეგ, რაც მან აღტაცებაში მოიყვანა ლენინგრადელი მაყურებლები და ოქროსა და ვერცხლის მედლებით მკერდი დაიმშვენა.
ეს იყო 1968 წელს. მაშინ ლენინგრადი მასპინძლობდა პირველ ევროპულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს. აქ თავი მოიაყარეს ევროპის საუკეთესო სპორტსმენებმა, მათთან ბრძოლა მეტად ძნელ ამოცანას წარმოადგენდა.
საბრძოლო ხაზზე იბრძოდა 70-ზე მეტი მეხანძრე სპორტსმენი. გივი ბუკიამ თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა, ორჭიდში ყველა დაჯაბნა, აბსოლუტური ჩემპიონობა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. მანვე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და საიერიშო კიბით მე-4 სართულზე ასვლაში. მის ანგარიშზე სამი რესპუბლიკური რეკორდი ჩაიწერა.
აი, რას წერდა ლენინგრადის გაზეთის „სმენა“ 1968 წლის 27 აგვისტოს ნომერში ამ საინტერესო საერთაშორისო შეჯიბრების გმირის გივი ბუკიას შესახებ“:
„-ადვილია წაუკიდო, ძნელია ჩააქრო, რაც ყველასათვის ცნობილია. მაგრამ, აი, გასულ კვირას ლენინგრადელები მოწმენი გახდნენ იმისა, რომ სახანძრო - გამოყენებით სპორტში მოწყობილ პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაზე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აბობოქრებულ, კვამლში გახვეულ ცეცხლს სულ რაღაც წამებში აქრობდნენ, და მართლაც არ იცი, შეიძლება თუ არა ცეცხლი გააჩაღო ისე სწრაფად, ვიდრე გივი აქრობს მას.
- ზუსტად 16 წამი დახარჯა გივიმ იმისათვის, რათა გაერბინა 32 მეტრი და სამოსწავლო კოშკის მე-4 სართულზე შეეღწია საიერიშო კიბის დამხარებით.
100-მეტრიან დაბრკოლებათა ზოლი საქართველოს რეკორდსმენმა გადალახა 19 წამში, ის გახდა გამარჯვებული ორჭიდში, რომლის დროსაც უკან ჩამოიტოვა 70-ზე მეტი მოწინააღმდეგენი ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის გუნდებიდან...“
გივი ბუკია, რომელმაც ფოთის სახანძრო რაზმში აიდგა ფეხი და პირველად აქ ეზიარა სახანძრო საქმეს, საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის უცვლელი წევრი გახდა.
1970 წელს ქალაქ ვარშავაში სოციალისტური ქვეყნების მეხანძრე სპორტსმენთა საერთაშორისო ასპარეზობაზე თავი მოიყარეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებმა გუნდებმა. წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად იყო გაზრდილი გერმანელ. რუმინელ და ჩეხოსლოვაკელ მეხანძრე სპორტსმენთა ოსტატობა.
საბჭოთა გუნდი ვარშავის საერთაშორისო შეჯიბრებაზე 9 სპორტსმენის შემადგენლობით გამოდიოდა. ამ შეჯიბრებაზე საბჭოთა სპორტსმენებმა ესტაფეტაში (4X100)) საუკეთესო შედეგს მიაღწიეს. საბჭოთა კვარტეტმა გ. ზაპლატინის (მოსკოვი), ვ. სალიუტინის (როსტოვი), ვ. კიპკის ( მოსკოვის ოლქი) და გ. ბუკიას (ქ.ფოთი) შემადგენლობით პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვა. მათ სოციალისტური ქვეყნების საერთაშორისო შეჯიბრების ახალი რეკორდი დაამყარეს.
100-მეტრიან დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში გივის ევროპის საუკეთესო მეხანძრე სპორტსმენებთან მოუხდა პაექრობა. დისტანციის ზოლის გადალახვის ფინიშნთან გივი ბუკიასა და საბჭოთა გუნდის წევრ ნ. ტარანოვს ( ვოლგოგრადი) შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ორივემ ერთნაირი დრო აჩვენა, მაგრამ ფოტოფინიშმა პირველი ადგილი ტარანოვს მიაკუთვნა. გივიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნაჩვენები დრო კი საერთაშორისო შეჯიბრების ახალი რეკორდი იყო.
ზემოთ მოყვანილმა ორი სახეობის შედეგებმა გადაწყვიტა კიდეც გუნდური პირველი ~ადგილისა და გარდამავალი თასის მფლობელის ვინაობა.
ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონში უფრო მასობრივი და პოპულარული გახდა სახანძრო-გამოყენებითი სპორტი, შედეგიც საუკეთესო იყო. მაგალითად: 1969-1972 წლებში გამართულ რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე ფოთის სახანძრო დაცვის ნაკრებმა გუნდმა ზედიზედ დაისაკუთრა პირველი ადგილი.
1973 წელს სახანძრო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ქ. ფოთში ჩატარდა რესპუბლიკური შეჯიბრება. სპორტულ მოედანზე ხალხის ტევა არ იყო, ყველას უნდოდა თავისი თვალით ეხილა დღემდე გაზეთებში წაკითხული და განაგონი სპორტის ეს სახეობა. და, აი, სტარტი აიღეს მეხანძრე სპორტსმენებმა. შეჯიბრება დაიწყო 100-მეტრიან დაბრკოლებათა ზოლის გადალახვით. სპორტის ამ სახეობაში ფოთელმა თემურ კიზირიამ უკან ჩამოიტოვა რესპუბლიკის 40-ზე მეტი, აგრეთვე კონკურსგარეშე მონაწილე ვოლგოგრადელი სპორტსმენები და პირველი ადგილი დაისაკუთრა.
იმავე თ. კიზირიამ მოხიბლა მაყურებლები საიერიშო კიბით სამოსწავლო კოშკის მე-5 სართულზე ასვლაში, რომელმაც 15,5 წამი მოანდომა, რითაც გაიმეორა გივი ბუკიას მიერ 1965 წელს დამყარებული რეკორდი.
საერთოდ სპორტის ამ ორ სახეობაში ფოთელმა სპორტსმენებმა ძმების გივი და გალა ბუკიების, ნ. გურგენაძის, ვ. ბესელიას, ჯ. სოსელიას, თ. კიზირიას, ი. პატარაიას და ვ. ხოშტარიას შემადგენლობით დიდად დაჯაბნეს აფხაზეთის ასსრ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ქალაქების თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, მახარაძის, ახალციხისა და ტყიბულის ნაკრები გუნდები, ასევე კონკურსგარეშე მონაწილე ვოლგოგრადელი მეხანძრე სპორტსმენები. ამ შეჯიბრებაზე გუნდური პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავეს ფოთელმა მეხანძრე სპორტსმენებმა. მეორე ადგილზე გავიდა აჭარის ასსრ გუნდი. მესამეზე-ქუთაისის კოლექტივი.
აი, ეს მოკლე ეპიზოდები ფოთის სახანძრო დაცვის ადრინდელი საქმიანობიდან, რაც კიდევ დიდხანს დარჩება ცეცხლის ფრონტის მებრძოლებს მეხსიერებაში. გაივლის წლები, თაობებს თაობები შეცვლიან, ფოთის სახანძრო დაცვის ისტორიაში კვლავაც ჩაიწერება საინტერესო და შთამბეჭდავი სტრიქონები.

ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.25-31

გადიდება