მეხანძრეებმა საავადმყოფოც გადაარჩინეს და იქ მოთავსებული ავადმყოფებიც » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » მეხანძრეებმა საავადმყოფოც გადაარჩინეს და იქ მოთავსებული ავადმყოფებიც

მეხანძრეებმა საავადმყოფოც გადაარჩინეს და იქ მოთავსებული ავადმყოფებიც


დადგა 1967 წლის დეკემბრის სუსხიანი ღამე, თოვდა, არსად ჩამიჩუმი არ ისმოდა. ქალაქი მყუდროებას მოეცვა; არ ეძინათ მხოლოდ სახანძრო დაცვის მორიგე ქვეგანყოფილებას; ისინი როგორც ყოველთვის ახლაც ფხიზლობდნენ. შუა ღამე გადასული იყო, როდესაც სახანძრო დაცვის ცენტრალურ სადისპეჩერო პუნქტში ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა. დისპეჩერმა მიიღო ცნობა ქალაქის №1 საავადმყოფოში ხანძრის შესახებ; წამიც და ჩაირთო ხანძრის მაუწყებელი განგაში, სახანძრო ავტომანქანების ხმოვანი სიგნალი არღვევდა ქუჩებში მყუდროებას. ისინი მიემართებოდნენ შემთხვევის ადგილისაკენ, მალე გამოჩნდა ცად ატყორცნილი ცეცხლის ალი. ცეცხლი გაჩენოდა საავადმყოფოს ორსართულიანი შენობის სხვენის სათავსოს და გავრცელდა ავადმყოფთა პალატებისაკენ, ხანძრის ჩაქრობა ადვილი როდი იყო, იგი დაკავშირებული იყო ბევრ სიძნეელეებთან. ჯერ ერთი, საფრთხე ემუქრებოდა 102 ავადმყოფს, ამასთან ძლიერი ქარის მეშვეობით ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა.
ავადმყოფთა და ქონების ევაკუაციისათვის საჭირო იყო მუშა ხელი, მაგრამ ასეთ დროს ადამიანები ხომ ღრმა ძილს არიან მიცემულნი. დაყოვნება არ შეიძლებოდა, აქ მეხანძრეებმა გამოავლინეს უდიდესი ძალა და ენერგია. ყარაულის უფროსმა ბ.ძაძამიამ შეაფასა რა ხანძრის ვითარება გასცა განკარგულება გასაშლელი კიბის გამოყენებით ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგოდ სხვენის მიმართულებით 2 „ბ’ ლულის აღმართვის შესახებ, ხოლო მეორე სართულის დაცვაზე ასევე 2 „ბ“ და ხანძრის კერაზე 2 „ა“ ლულების მიწოდებაზე. თვითონ კი ერთ მეხანძრესთან და მეკავშირესთან ერთად განაგრძო ხანძრის დეტალური დაზვერვა. ის - ის იყო მეხანძრეებმა დაიკავეს თავიანთი საბრძოლო პოზიციები, რომ სახანძრო დაცვის გარნიზონის უფროსი შოთა სალუქვაძეც გამოცხადდა ხანძრის ადგილზე. აიღო რა თავისთავზე ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობა, მან განკარგულება გასცა დამატებით ორი სახანძრო ავტოცისტერნის გამოძახებაზე, შეიქმნა ხანძრის ქრობის ოპერატიული შტაბი, დამატებითი ძალები და საშუალებები განაწილდა საბრძოლო უბნებზე. მობილიზირებული იქნა მედპერსონალი და მილიციის მუშაკები, რომლებსაც მიეცათ კონკრეტული დავალებები მეხანძრეებთან ერთად ავადმყოფთა და ქონების საევაკუაციოდ. უნდა აღინიშნოს, რომ აქ მოთავსებული იყო 27 - მძიმე ავადმყოფებიც. საფრთხეში იყო ათეული ადამიანთა სიცოცხლე, პალატების თავზე ხანძარი ბობოქრობდა, ცეცხლის ენებმა ალაგ-ალაგ პალატებში შეაღწია. საცაა ჭერიც ჩამოინგრეოდა. მეხანძრეებთან ერთად მედპერსონალის აქტიური მონაწილეობით ევაკუირებული იქნა უმტკივნეულოდ ყველა - ავადმყოფი და ძვირფასი აპარატურები. საბრძოლო უბნებში ხანძარი ლოკალიზებული იყო, მეხანძრეები ისევ ვაჟაკაცურად უტევდნენ სტიქიას.
განათდა დასავლეთის ცივი ქარი ქროდა, იგი შავ ღრუბლებს სადაღაც შორს აღმოსავლეთით მიერეკებოდა. ზამთრის სუსხი ძვალსა და რბილში აღწევდა. საავადმყოფო შენობის სახურავიდან კი მხოლოდ ორთქლი ამოდიოდა; ახლა უკვე ცხადი იყო, რომ გამძვინვარებული ხანძარი, რომელიც განადგურებით ემუქრებოდა საავადმყოფოს , ავადმყოფებს კი სიცოცხლის საფრთხეს უქმნიდა, დამარცხებული იყო.
961
    

კომენტარები -
0

რეკლამა