Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  მრავალ გზის ჩემპიონი
> ინფორმაცია, სტატია(სპორტი), ძველი გაზეთებიდან > მრავალ გზის ჩემპიონი

მრავალ გზის ჩემპიონი


19-01-2018, 07:55. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა

მრავალ გზის ჩემპიონისახანძრო -გამოყენებით სპორტში პირად პირველობაზე რესპუბლიკურ შეჯიბრებისათვის მომზადებას საქართველოს სპორტსმენები დიდი მონდომებით შეუდგნენ. გივი ბუკია ენერგიის დაუზოგავად ვარჯიშობდა, ოსტატდებოდა და იწრთობოდა.
აი, დადგა 1965 წელი, გივი მზად იყო საასპარეზოდ. თბილისში გამგზავრების წინ თავის მეგობრებსა და კოლეგებს დაბეჯითებით ეუბნებოდა:
- ეს ჩემი პირველი გამოსვლაა ფართო ასპარეზზე, მაგრამ იმედი მაქვს თავს არ შევირცხვენ. თუ ვინიცობაა სპორტულმა იღბალმა მიღალატა, ფარხმალს მაინც არ დავყრი და დღეს თუ არა, ხვალ მაინც ავალ კვარცხლბეკის იმ საფეხურზე, სადაც მხოლოდ გამარჯვებულები დგებიან.
მეხანძრეები თბილისიდან დიდი გულისყურით ელოდნენ ცნობებს შეჯიბრების შედეგებზე.
და აი, თბილისიდან მოდის სასიხარულო ცნობა - საქართველოს 1965 წლის პირად პირველობაზე სახანძრო - გამოყენებით სპორტში გივი ბუკია პირველად გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი, მანვე შეასრულა სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ნორმატივი.
საზეიმო განწყობილება იყო იმ დღეებში ფოთის პროფესიულ სახანძრო დაცვაში. რესპუბლიკურ პირად პირველობაზე გამარჯვებულ სპორტსმენს შეხვედრა მოუწყვეს მისმა მეგობრებმა, ქალაქის სპორტკავშირის აქტივიტებმა.
გ. ბუკია მიწვეული იყო რესპუბლიკის ნაკრებ გუნდში და ამჯერად უფრო დიდ სარბიელზე მოუწევდა დაძაბული პაექრობა. დადგა ახალ ზღუდეთა გადალახვის პერიოდი. გივი თავისი სპორტული ჩანთით ხელში რესპუბლიკის ნაკრებ გუნდთან ერთად ლენინგრადს გაემგზავრა. აქ თავი მოიყარეს მოკავშირე რესპუბლიკების, აგრეთვე მოსკოვისა და ლენინგრადის ნაკრებმა გუნდებმა.
შეჯიბრებაში თავიდანვე ქართველი სპორტსმენები დაწინაურდნენ. ჩვენი რესპუბლიკის ყველაზე მეტი ჩასათვლელი ქულა გუნდს კაპიტანმა გ. ბუკიამ მოუტანა. ფინიშზე ქართველ სპორტსმენებს გაუსწრეს რსფსრ-ს და ლენინგრადის მეხანძრე სპორტსმენებმა. ქართველი სპორტსმენები მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ და გუნდის ყველა წევრმა, მათ შორის გ. ბუკიამ, მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
აქედან დაწყებული, მესამე პროფესიული სახანძრო ნაწილის სპორტულ მოედანზე ფოთის ნაკრები გუნდის წევრები გ. ბუკიას ხელმღვანელობით ყოველდღიურ წვრთნას გადიოდნენ, ისინი უფრო მშვიდად, მკაცრი რეჟიმის დაცვით ვარჯიშობდნენ, ხვეწდნენ და ამუშავებდნენ მამაცი და გამბედავი სპორტის ცალკეულ სახეობებს, ემზადებოდნენ 1966 წლის რესპუბლიკის პირად გუნდური პირველობისათვის.
შეკრების მონაწილეთა შორის იყვნენ სპორტის ოსტატები და პირველი თანრიგოსანი სპორტსმენებით დაკომპლეკტებული თბილისის, სოხუმის, ბათუმის ქუთაისის, ფოთის, მახარაძის, ახალციხისა და ტყიბულის ძლიერ გუნდები. დიდი წარმატება ხვდა წილად ფოთელ მეხანძრე-სპორტსმენებს, რომლებიც გუნდურ ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე გამოვიდნენ, გუნდს გადაეცა გარდამავალი ვიმპელი და თასი.
შეჯიბრებაში ამ წელს პირველი ადგილი თბილისის კოლექტივმა მოიპოვა, მეორე ადგილი ბათუმელებს ერგო.
აქ თავი ისახელა ფოთელმა კვატრტეტმა: გ. ბუკიას, ჯ. სოსელიას, ნ.ნოვიკოვას და გურგენაძის შემადგენლობით, ამ ოთხეულმა ესტაფეტაში 4X100 ფინიშზე ყველა მეტოქეს გაუსწრო და პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება, სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ამ სახეობაში.
კარგ შედეგს მიაღწია პირად გამოსვლაში გ.ბუკიამ. ას მეტრზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში მან უკან ჩამოიტოვა ყველა ძლიერი მეტოქე და მოიპოვა რესპუბლიკის ჩემპიონისა და საქართველოს რეკორდსმენის სახელი. გ. ბუკიამ ორჭიდელთა შეჯიბრებაშიც ისახელა თავი და აქაც პირველობა არვის დაუთმო.
საქართველოს პირველობასთან ერთად თბილისში „დინამოს“ სტადიონზე პარალელურად ჩატარდა მეხანძრე სპორტსმენთა სამატჩო შეხვედრა. შესარჩევ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ უკრაინის, ლენინგრადისა და საქართველოს ნაკრები გუნდები. ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში გამოდიოდნენ სპორტის ოსტატები გ. ბუკიას მონაწილეობით, 400-მეტრიან ესტაფეტაში საკავშირო რეკორდი დაამყარა.
„ფოთელმა ჯადოქარმა“, როგორც მას აღტაცებაში მოსული მაყურებლები უწოდებდნენ, კიდევ არაოფიციალური რეკორდი დაამყარა - იგი ასპარეზობაში ოთხი ფასიანი ჯილდოს მფლობელი გახდა.
1967 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ნაკრები გუნდების მატჩები სახანძრო გამოყენებით სპორტში, ასპარეზობა ოქტომბრის რევოლუციის 50-წლისთავს ეძღვნებოდა, თბილისელმა სპორტის მოყვარულებმა იცოდნენ, რომ ამ ასპარეზოიბაში კვლავ იხილავდნენ გივი ბუკიას, ამიტომაც იყო, რომ სტადიონს ზღვა ხალხი ეწვია. შეჯიბრება დაიწყო ასმეტრიან დაბრკოლებათა ზოლის გადალახვით, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მეხანძრე-სპორტსმენები უჩვენებდნენ თავიანთ ოსტატობას. პირად ჩათვლაში ყველას აჯობეს გივი ბუკიამ და საქართველოს ნაკრებმა, მეორე ადგილზე გამოვიდნენ აზერბაიჯანელი სპორტსმენები, მესამე ადგილი კი სომეხი სპორტსმენებს ერგოთ.
„მეხანძრეთა მეფე“ - ასე უწოდა გ.ბუკიას ლენინგრადელმა ჟურნალისტმა ა. ორლოვმა მას შემდეგ, რაც მან აღტაცებაში მოიყვანა ლენინგრადელი მაყურებელი და ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაიმშვენა მკერდი.
ეს იყო 1968 წელს. მაშინ ლენინგრადი მასპიძლობდა პირველ ევროპულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს. აქ თავი მოიყარეს ევროპის საუკეთესო სპორტსმენება. მათთან ბრძოლა მეტად ძნელ ამოცანას წარმოადგენდა.
საბრძოლო ხაზზე იბრძოდა 70-ზე მეტი მეხანძრე სპორტსმენი, გივი ბუკიამ თავიდავე ხელთ იგდო ინციატივა. ორჭიდში ყველა დაჯაბნა, აბსოლუტური ჩემპიონობა დაისაკუთარა, მანვე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და საიერიშო კიბით მე-4 სართულზე ასვლაში.
აი, რას წერდა ლენინგრადის გაზეთი „სმენა“ 1968 წლის 27 აგვისტოს ნომერში ამ საინტერესო საერთაშორისო შეჯიბრების გმირის გ. ბუკიას შესახებ:
„..ადვილია წაუკიდო, ძნელია ჩააქრო, რაც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ აი, გასულ კვირას ლენინგრადელები მოწმენი გახდნენ იმისა, რომ სახანძრო გამოყენებით სპორტში მოწყობილ პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაზე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აბობოქრებულ კვამლში გახვეულ ცეცხლს, სულ რაღაც წამებში აქრობდენენ და მართლაც არ იცი, შეიძლება თუ არა ცეცხლი გააჩაღო უფრო სწრაფად, ვიდრე გივი აქრობდა მას.“
- ზუსტად 16 წამი დახარჯა გივიმ იმისათვის, რათა გაერბინა 32 მეტრი და სამოსწავლო კოშკის მე-4 სართულზე შეეღწია საიერიშო კიბის დახმარებით.
100 - მეტრიანი დაბრკოლებათა ზოლი საქართველოს რეკორდსმენმა 19 წამში გადალახა. ის გახდა გამარჯვებული ორჭიდში, უკან ჩამოიტოვა 70 -ზე მეტი მოწინააღმდეგე: ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხოსლავაკიის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის გუნდებიდან.
გივი ბუკია, რომელმაც ფოთის სახანძრო რაზმში აიდგა ფეხი და პირველად აქ ეზიარა სახანძრო საქმეს, საბჭოთა კავშშირის ნაკრები გუნდის უცვლელი წევრი გახდა.
1970 წელს ქ. ვარშავაში სოციალისტური ქვეყნების მეხანძრე სპორტსმენთა საერთაშორისო ასპარეზობაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდს წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილ სპორტსმენთა ჯგუფთან - გერმანელ, რუმინელ და ჩეხოსლავაკიის ოსტატებთან მოუხდა შეხვედრა.
საბჭოთა გუნდი ვარშავის საერთაშორისო შეჯიბრებაზე 9 სპორტსმენის შემადგენლობით გამოდიოდა. ამ შეჯიბრებაზე საბჭოთა სპორტსმენებმა ესტაფეტაში (4X100) საუკეთესო შედეგს მიაღწიეს. საბჭოთა კვარტეტმა, გ.ზ.პლატინის (მოსკოვის), ვ.სალიტუინის (როსტოვი), ვ.კიპკისა (მოსკოვის ოლქი) და გ.ბუკიას (ქ.ფოთი) შემადგენლობით, პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვა. მათ სოციალისტური ქვეყნების საერთაშორისო რეკორდი დაამყარეს.
100 -მეტრიანი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში გივის ევროპის მეხანძრე სპორტსმენებთან მოუხდა პაექრობა. დისტანციის ზოლის გადალახვის ფინიშთან გივი ბუკიასა და საბჭოთა გუნდის წევრს ნ.ტარანინს (ვოლგოგრადი) შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართა.
ორივემ ერთანაირი დრო აჩვენა, მაგრამ ბოლოს ფინიშმა პირველი ადგილი ტარანოვს მიაკუთვნა, გივი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნაჩვენები დრო საერთაშორისო შეჯიბრების ახალი რეკორდი იყო.
ახლა გივი ფოთის სახანძრო რაზმში პასუხსაგებ სამუშაოს ასრულებს. სახანძრო გამოყენებითი სპორტული ვარჯიშების მწვრთნელის საქმიანობა არ მიუტოვებია. ის ფოთის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების საქალაქო საბჭოს ნებაყოფლობითი ნორჩ მეხანძრეთა გუნდის მწვრთნელია, მისი აღზრდილები რესპუბლიკასა და საქალაქო შეჯიბრებებზე წარმატებებს აღწევენ.
წარმატება ვუსურვოთ გივი ბუკიას, ნორჩ მეხანძრეთა გუნდის მწვრთნელსა და აღმზრდელს ამ კეთილშობილურ საქმიანობაში.

1990წ.


წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.37-43

გადიდება