ფოთის სახანძრო დაცვის ისტორია
ლევთერ ჭოჭუა
პირველად ქალაქ ფოთში 1924 წელს მშრომელთა დეპარტამენტის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით შეიქმნა პროფესიული სახანძრო რაზმი 16 კაცის შემადგენლობით (მანამდე მოხალისე რაზმელები არსებობდნენ) და გამოიყო მახარაძის ქუჩაზე ერთოთახიანი ფიცრული ფარდული. ამასთან სახანძრო რაზმს გადაეცა ქალაქის საბჭოსთან არსებული სასულე ორკესტრი 12 კაცის შემადგენლობით. 1925 წლამდე ნავსადგურში არსებობდა მოხალისეთა სახანძრო რაზმი. რომელსაც ქალაქის პროფესიონალური (მუნიციპალური) სახანძრო რაზმის შეიარაღების მსგავსად ჰქონდა ორცხენიანი ოთხთვალა წყლის კასრებით და ხელის საქაჩავი ტუმბოთი. მას 1926 წელს შეემატა კატერი „მუშა“. რომლის შეიარაღებას მარტო ხელის ტუმბო წარმოადგენდა.
1927 წლისათვის სახანძრო რაზმის მთლიანი შემადგენლობა განისაზღვრებოდა 28 პროფესიონალი მეხანძრით. ამ პერიოდში მოთავსებული იყო ქალაქის ცენტრში. ე.წ. კოშკში. ამჟამინდელ ნ.ნიკოლაძის სახლმუზეუმი. მეხანძრეებს ორ-ორი საათი უხდებოდათ სათვალთვალო კოშკზე სამორიგეოდ ყოფნა. კოშკზე მოთავსებული იყო საათი და ზარი. მორიგე მეხანძრის მიერ ზარის დარეკა მოსახლეობაში ხანძრის ნიშანი იყო.
იმდროინდელი სახანძრო რაზმი ვერ უზრუნველყოფდა მის წინაშე დასახული ამოცანების გადაწყვეტას. ხანძრები ხშირი იყო იმჟამინდელი ფოთში. ზოგჯერ ცეცხლი ერთი სახლიდან მეორეზე გადადიოდა, მეორედან მესამეზე და მასიურ ხასიათს ღებულობდა. სახანძრო რაზმი კი პირადი შემადგენლობისა და ტექნიკური შეიარაღების სიმცირის გამო ვერ უმკლავდებოდა ხანძრის სტიქიას, გართულებულ ხანძრებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.
ამიტომ ქალაქის საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მეხანძრეთა საშტატო ერთეულებს შეემატა რვა კაცი. 1932 წელს რაზმს გამოეყო ერთი ავტომანქანა და ჩამოყალიბდა სამმართველო, მასში გაერთიანდნენ ქალაქის ნავსადგურის და რკინიგზის სახანძრო ნაწილები. 1933 წელს სამმართველომ დამატებით მიიღო სამი სახანძრო ავტომანქანა. აქედან ერთი „ამო“ -ს ტიპისა იყო ხოლო ორი ავტოტუმბო. მეხანძრეთა დონის ამაღლების მიზნით ქალაქის საბჭომ და სახანძრო სამმართველომ სამთვიანი სახანძრო ტექნიკური კურსები გახსნეს. ეს ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სახანძრო დაცვისათვის, ვინაიდან ცოტად თუ ბევრად მაინც ამაღლდა მეხანძრეთა კვალიფიკაცია, გაუმჯობესდა რაზმის ბრძოლის უნარიანობა და ქალაქის სახანძრო უსაფრთხოების საქმე.
მიუხედავად ამისა, მაინც რთული იყო მეხანძრეთა წინაშე დასახული ამოცანების სრულფასოვნად განხორციელება. დღითიდღე იზრდებოდა ქალაქის მოსახლეობა. სამრეწველო ობიექტები და მათი ეკონომიკური პოტენციალი. კვლავ დაისვა საკითხი საქალაქო საბჭოს აღასკომის წინაშე პროფესიული (მუნიციპალური) სახანძრო რაზმის სტრუქტურის გაუმჯობესებისა და პირადი შემადგენლობის 52 კაცამდე გაზრდის შესახებ. აღმასკომმა დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი, მაგრამ იმის გამო, რომ მეხანძრეეებს ძნელ და რთულ პირობებში უხდებოდათ მუშაობა, თანაც ანაზღაურება მცირე იყო, დაშვებული შტატი შეუვსებელი დარჩა. დღის წესრიგში დადგა ახალი სახანძრო დეპოს მშენებლობის საკითხიც, რომელსაც 1936 წელს ჩაეყარა საფუძველი და უკვე 1938 წელს საექსპლუატაიოდ გადაეცა მეხანძრეებს სამსართულიანი კაპიტალური ნაგებობა.
1942 წელს ქალაქის სახანძრო დაცვას გამოეყო მეორე სახანძრო რაზმი. რომელიც რკინიგზისა და ნაბადის უბნების დაცვის მიზნით გადაყვანილ იქნა ნაბადაში. მეხანძრეები მოთავსდნენ ერთ დამხმარე ნაგებობაში. მათ განკარგულებაში იყო ერთი სახანძრო ავტოცისტერნა 48 საშტატო ერთეულით.
1943 წლის იანვრიდან ქალაქის სახანძრო დაცვის საშტატო ერთეული 147 კაცამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში შეიქმნა მესამე სახანძრო რაზმი. რომელიც კუნძულის უბანს უწევდა მომსახურეობას.
1965 წლისათვის ქალაქში არსებობდა სამი ნაწილისაგან შემდგარი ძლიერი მუნიციპალური სახანძრო რაზმი. რომელთა შტატიც 185 კაცით განისაზღვრებოდა. 1985 წლისათვის კი ფოთელ მეხანძრეების რაოდენობამ 215 კაცი შეადგინა.
1983 წელს მუნიციპალური სახანძრო რაზმი გაიყო ორად. რომლის ერთი ნაწილი შევიდა შსს-ს დაქვემდებარებაში 29-ე დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო ნაწილის სახელით, მეორე კი დარჩა ქალაქის პროფესიული სახანძრო რაზმის სახელით. რომელშიც შედიოდა 41-ე(ნაბადაში) და 42-ე (მალთაყვაში) პროფესიული სახანძრო ნაწილი.
2005 წელს გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმი ისევ გამოეყო შსს-ს და მუნიციპალურ სახანძრო რაზმთან ერთად შეიქმნა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო სამაშველო სამსახური.
ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.6-7
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0