პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს » მთავარი გვერდი
                                რეკლამა

ვებ.გვერდ "ცეცხლთან მებრძოლები"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს

პირველი დახმარება ტრავმების დროს

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროსტრავმის დროს გადაუდებელი დახმარების პირველი წესია, არ დაიბნე, პანიკას არ აჰყვე და ხელიდან არ გაუშვა ძვირფასი წუთები - ექსტრემალურ სიტუაციებში ხომ ადამიანის ბედი ხშირად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაუწიეს მას პირველი დახმარება და რამდენად კვალიფიციური იყო ის. და კიდევ ერთი წესი - საკუთარი უსაფრთხოება ყველაზე მაღლა დგას!!! თუ თქვენ რამე მოგივიდათ, დახმარებას ვერავინ გამოიძახებს!

ჭრილობები და სისხლდენა

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროსარსებობს სამი სახის სისხლდენა:
1) სისხლი ცოტაა. ამ დროს ინფექციის საშიშროება მეტია. პირველი დახმარება იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი უფერო სითხით და შევახვიოთ ის სუფთა (შედარებით) ქსოვილით;
2) სისხლი დიდი რაოდენობითაა. ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობაზე რამდენიმე ფენად დაკეცილი ქსოვილი და დაადეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, მაშინ კიდევ დაახვიეთ ჭრილობაზე ქსოვილი (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ) და ძლიერად დააწექით სისხლმდენ არეს;
3) ჭრილობიდან სისხლი შადრევანივით ასხამს. ამ დროს სისხლი ძალიან სწრაფად იკარგება და ამის თავიდან ასაცილებლად არტერიის საპროექციო არეში (ჭრილობის ზემოთ) თითით (ან თითებით) ზეწოლა უნდა მოახდინოთ, მერე კი ლახტი დაადოთ.
არტერიაზე ზეწოლის ადგილებია მხრის ქვედა მესამედი და ბარძაყის ზედა მესამედი:
> დაშავებულს შუბლზე უნდა დაეწეროს (ნებისმიერი საშუალებით) ლახტის დადების რიცხვი და დრო.
> ლახტი ზამთარში ერთი საათით, ზაფხულში ორი საათით ედება. ამ ხნის გასვლის შემდეგ ის 5-10 წუთით უნდა მოუშვათ და ხელახლა დაადოთ თავდაპირველი ადგილიდან ოდნავ ზემოთ.
> ლახტი აუცილებლად უნდა ჩანდეს.
> შეამოწმეთ, სწორად ადევს თუ არა ლახტი - სწორად დადების შემთხვევაში კიდურზე პულსი არ ისინჯება.

ცხვირიდან სისხლდენა

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროსუზრუნველყავით დაშავებულის ფსიქოფიზიოლოგიური კომფორტი. დაშავებულს თავი ოდნავ წინ დაახრევინეთ და სთხოვეთ, ხელებით დაიჭიროს. ცხვირის ნესტოებთან ქსოვილის ნაჭერი მიადეთ, ცხვირზე დაადეთ ყინული ან ცივ სითხეში დასველებული ნაჭერი. თუ სისხლდენა 10-15 წუთში არ შეწყდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. არ შეიძლება თავის უკან გადაწევა - ამან შესაძლოა სისხლიანი პირღებინება გამოიწვიოს.


ტრავმული ამპუტაცია (კიდურის მოგლეჯა)

მოგლეჯილი კიდური ცელოფნის პარკში ჩადეთ, ეს პარკი - მეორე პარკში და გააცივეთ. "კონტეინერი" პაციენტთან ერთად გაგზავნეთ - 6 საათის განმავლობაში ჯერ კიდევ შესაძლებელია მოგლეჯილი კიდურის აღდგენა (არსებობს იდაყვამდე მოგლეჯილი ხელის ან მუხლამდე მოგლეჯილი ქვედა კიდურის აღდგენის შანსი). სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და გამოძახებისას აუცილებლად უთხარით, რომ საქმე ამპუტაციასთან ექნებათ.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის კიდურს მძიმე საგნის დაწოლის ოდნავ ზემოთ ედება ლახტი და მხოლოდ ამის შემდეგ თავისუფლდება ზეწოლისგან. გათავისუფლებული კიდური მჭიდროდ შებინტეთ და მოხსენით ლახტი. დაშავებულს მიეცით დიდი რაოდენობით თბილი სითხე. ჩაატარეთ შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დაზარალებული სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოში.

ტრავმები

ღია მოტეხილობის შემთხვევაში ჯერ ზემოთ აღწერილი მეთოდებით უნდა დავამუშაოთ ჭრილობა, მერე კი ტრავმას მოვუაროთ. რაკი ადამიანს დაშავებულისთვის თვალებით რენტგენოგრაფიის ჩატარება არ შეუძლია, ამიტომ ამოვარდნილობისა და დაჭიმვის დროსაც ვიქცევით ისე, როგორც მოტეხილობის შემთხვევაში:
> ზ ასოს წესი - დეფორმირებული კიდური როგორშიც არის, იმავე მდგომარეობაში უნდა დაფიქსირდეს; არტაშანი ედება ისე, რომ დაფიქსირდეს სახსარი მოტეხილობის ზემოთ და
> ქვემოთ; არტაშნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამრეწველო პენოპლასტის, სქელი მუყაოს, ფირფიცრის და - ----სხვა ნაჭრები. სასურველია, ცარიელი ადგილები ქსოვილის ნაჭრებით ამოავსოთ.
ამოვარდნილობის ჩასწორება არ შეიძლება, ვიქცევით ისე, როგორც მოტეხილობის დროს. ტკივილის შესამცირებლად ტრავმირებულ ადგილზე აუცილებლად უნდა დაადოთ ცივი საფენი (აქტუალურია ტრავმის მიღებიდან 6 საათის განმავლობაში, შემდეგ - აღარ). ცივი 15 წუთით დაადეთ, დაზარალებული ხუთი წუთით შეასვენეთ და ისევ 15 წუთით დაადეთ ცივი. თუ ტკივილი გაძლიერდა, ყინულს პირდაპირ კანზე ნუ დაადებთ - წინასწარ რამეში გაახვიეთ.
> ნიშნები და სიმპტომები: ტკივილი; შესივება; კიდურის არაბუნებრივი მდებარეობა; სისხლდენა; მოძრაობის დარღვევა.
> რა არ უნდა გავაკეთოთ: არ ეცადოთ კიდურის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას.
> როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ: დაშავებული მიიყვანეთ ექიმთან; თუ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

თერმული დამწვრობა

მოაცილეთ დამაზიანებელი ფაქტორი; გააცივეთ დამწვარი ადგილი:
> I და II ხარისხი - 10-15 წუთის განმავლობაში გააცივეთ გამდინარე წყლით, III და IV ხარისხი - გადაახვიეთ სუფთა სველი ქსოვილი და ასე შეხვეული გააცივეთ დამდგარ წყალში; შეახვიეთ სუფთა სველი ქსოვილის ნაჭრით; უზრუნველყავით დაზარალებულის სიმშვიდე და გამოიყენეთ შოკის საწინააღმდეგო მეთოდები.
> ნიშნები და სიმპტომები: ტკივილი; კანის გაწითლება - I ხარისხი; ბუშტუკების გაჩენა - II ხარისხი; ჭრილობა - ბუშტუკები დასკდა - III ხარისხი; გამურვა და მგრძნობელობის არარსებობა - IV ხარისხი.
> რა არ უნდა გავაკეთოთ: დაზიანებულ ადგილზე არ უნდა წავუსვათ ზეთი, კრემი, მალამო, ცილა და სხვა, ქაფის (პანტენოლი) დასხმაც ახალდამწვარზე არ შეიძლება; მიწებებული ტანსაცმლის მოშორება; ბუშტუკების ძალით გახეთქვა; ჭრილობაზე მოშარდვა.
> როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ: დამწვარი ადგილიდან უნდა მოვაშოროთ ყველაფერი - ტანსაცმელი, ქამარი, საათი, ბეჭედი და სხვა. მიწებებული ტანსაცმელი ირგვლივ შემოვჭრათ - აგლეჯა არ შეიძლება.
> სასწრაფოს ვიძახებთ მაშინ, როცა: დამწვრობის ფართობი დაზარალებულის ხუთი ხელისგულის ოდენაა; დამწვარი ბავშვი ან მოხუცია; დამწვრობა მესამე ხარისხისაა; დამწვრობა მიღებულია ბოქვენის მიდამოში; დამწვარია პირი, ცხვირი, თავი, სასუნთქი გზები; დამწვარია ორივე კიდური.
> დამატებითი ინფორმაცია: ადამიანის ერთი ხელისგული უდრის სხეულის ერთ პროცენტს. სასუნთქი გზების დამწვრობა უდრის სხეულის 30%-ის პირველი ხარისხის დამწვრობას.

გველის, ტკიპის, ძაღლის და სხვა ცხოველების ნაკბენი, ადამიანის ნაკბენი

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროსპირველი დახმარება გველის კბენის დროს: ნაკბენის ზემოთ მჭიდრო ნახვევის დადება, იმობილიზაცია (არტაშანი); ცივის დადება; სითხის უხვად მიცემა; თუ ცუდად გახდა, გამოიწვიეთ ღებინება; აუცილებლად მიიყვანეთ ექიმთან! არ არის სასურველი ნაკბენის ამოწოვა, მოწვა, ლახტის დადება. პირველი დახმარება ტკიპის კბენის დროს: ნაკბენზე წაუსვით ზეთი, ცხიმიანი მალამო, კრემი; პინცეტით, ძაფით ან თითებით დაატრიალეთ ტკიპა; თუ თავი მაინც მოსძვრა, ამოაძრეთ ის ისევე, როგორც აძრობთ ხიჭვს; ჩაატარეთ ნაკბენი არის დეზინფექცია; აჩვენეთ ექიმს. პირველი დახმარება ძაღლისა და სხვა ცხოველების კბენის შემთხვევაში: ისინი შეიძლება ავად იყვნენ, ამიტომ უნდა მოძებნოთ მათი პატრონი და დაწვრილებით გამოჰკითხოთ აცრების შესახებ; მთავარი შეცდომა, რაც ადამიანებს ნაკბენი ჭრილობების პირველადი (სახლის პირობებში) დამუშავებისას მოსდით, ის არის, რომ ხშირად ჭრილობას სპირტით ან იოდით ამუშავებენ. ეს არასწორია, მეტიც, დაუშვებელია. ძაღლის ნაკბენი აუცილებლად უნდა მოიბანოს წყლითა და საპნით, შემდეგ დაედოს სტერილური სახვევი და დაზარალებული წუთის დაუკარგავად იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. ამით მთავრდება ყოველგვარი პირველი დახმარება ნაკბენი ჭრილობების არსებობისას. თუნდაც ნაკბენი უმნიშვნელო იყოს, მაინც აჩვენეთ ექიმს და დაწვრილებით მოუყევით, რომელმა ცხოველმა გიკბინათ.
> რა არ შეიძლება: ნაკბენის ამოწოვა, მოწვა, ლახტის დადება.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს! ადამიანის ნაკბენი ცხოველის ნაკბენზე საშიშია, იმ ზოგიერთი ვირუსისა თუ ბაქტერიის გამო, რომლებიც შეიძლება ადამიანის პირის ღრუში იმყოფებოდეს. თუ სხვა ადამიანის კბილებზე მოხვედრისას თითის სახსრების მფარავი კანი დაგიზიანდათ, ესეც ნაკბენად ითვლება. თუ კბენის დროს კანი დაზიანდა: გააჩერეთ სისხლდენა ჭრილობაზე დაწოლით; გულმოდგინედ მოიბანეთ ჭრილობა საპნითა და წყლით; წაისვით ანტიბაქტერიული მალამო ინფექციის პროფილაქტიკისთვის; შეიხვიეთ სუფთა სახვევით. თუ ჭრილობიდან სისხლი ისევ მოდის, დააჭირეთ ჭრილობას სტერილური ბინტი ან სუფთა ქსოვილის ნაჭერი სისხლდენის სრულ შეწყვეტამდე; მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. თუ ტეტანუსის აცრიდან გასულია 5 წელზე მეტი, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ტეტანუსის ანატოქსინით აქტიური იმუნიზაცია. ამ შემთხვევაში ანატოქსინის ინექცია უნდა გაკეთდეს კბენიდან არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

ელექტროტრავმა

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს ელექტროდენით დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ძაბვაზე, იმაზე, როგორ და რა ხერხით (საშუალებით) გაივლის სხეულში დენი, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმაზე, რამდენად დროულად გაეწევა პირველი დახმარება. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება: გულის გაჩერება; გულის რიტმის დარღვევა (არითმია); სუნთქვის დარღვევა ან გაჩერება; კუნთების ტკივილი ან შეკუმშვა; კრუნჩხვითი შეტევები; ნემსისჩხვლეტისმაგვარი ტკივილი ან მგრძნობელობის დაკარგვა; ცნობიერების დაკარგვა.
> სასწრაფოს მოსვლამდე: შეაფასეთ სიტუაცია. დაშავებულს მაშინვე ნუ მიეკარებით - შესაძლა, მასზე ელექტროდენი ისევ მოქმედებდეს და თუ ხელით შეეხებით, თქვენც დაგარტყამთ. თუ არის საშუალება, გამორთეთ დენის წყარო. თუ ეს შეუძლებელია, დაზარალებული დენის წყაროს მოაშორეთ ისეთი მშრალი საგნის მეშვეობით, რომელიც დენს არ ატარებს (ასეთია მუყაო, პლასტმასა, ფიცარი (ოღონდ არა შეღებილი!!!), ხის ტოტი). დააკვირდით, სუნთქავს თუ არა დაზარალებული, თუ არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია (ხელოვნური სუნთქვის ჩატარება). ეცადეთ, თავიდან აიცილოთ შოკი. ამისათვის დაშავებული ისე დააწვინეთ, რომ თავი სხეულზე დაბლა მოხვდეს, ფეხები კი ზევით აუწიეთ.
ყურადღება! განურჩევლად იმისა, როგორ გრძნობს თავს დაშავებული, მისი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია, რადგან ელექტროდენის ზემოქმედებიდან 24 საათის შემდეგაც კი არსებობს გულის მოულოდნელი გაჩერების საშიშროება; შიშველი ხელით არ შეეხოთ დაშავებულს, რომელიც ელდენის მოქმედების ქვეშ იმყოფება; დენის მთლიანად გათიშვამდე არ მიუახლოვდეთ მაღალი ძაბვის სადენებს. დადექით მათგან დაახლოებით ექვსი მეტრის მოშორებით (თუ გაწყვეტილი მავთული ხტის და ნაპერწკლებს ისვრის, უფრო შორსაც); დაშავებულს ადგილიდან ნუ დაძრავთ, თუ უშუალო საფრთხე არ ემუქრება, დატოვეთ ადგილზე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

უცხო სხეული ყურში

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროსყურში შეიძლება მოხვდეს მცირე საგანი ან შემთხვევით შეღოღდეს მწერი. მწერის გამოდევნა ამგვარად შეიძლება: პიპეტით ყურში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ყური გამორეცხეთ თბილი წყლით, სანამ მწერი არ გამოვა. თუ უცხო სხეული ღრმად არის ჩასული, ჯობს პაციენტი ექიმთან წაიყვანოთ, რადგან უცხო სხეულის დამოუკიდებლად გამოღების მცდელობას შესაძლოა დაფის აპკის გახეთქვა და ადამიანის დაყრუება მოჰყვეს. ავიაგადაფრენის დროს აღმოცენებული ყურის ტკივილი ასე შეიძლება მოიხსნას:
1) ხშირად ამთქნარეთ;
2) ხშირ-ხშირად ყლაპეთ ნერწყვი, ღეჭეთ საღეჭი რეზინი ან ყლუპყლუპობით დალიეთ წყალი;
3) თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, მოკუმეთ პირი, თითებით დაიხშეთ ნესტოები და ეცადეთ, ცხვირ-ხახიდან ამოისუნთქოთ.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
1) ყურის ძლიერი ტკივილის დროს ან მაშინ, როცა ტკივილი რამდენიმე დღეა გრძელდება;
2) ყურში ჩირქგროვა ან უცხო სხეულია;
3) ძლიერი ცხელების დროს.
სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს, თუ ყურიდან სისხლი ან გამჭვირვალე სითხე დის.

უცხო სხეული სასუნთქ გზებში

სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს! თუ უცხო სხეული მოხრჩობის მიზეზი გახდა, გამოიყენეთ ტაქტიკა "ხუთს პლუს ხუთი": დაზარალებულს ხუთჯერ მკვეთრად უნდა დაარტყათ ხელისგული ბეჭებს შორის, ამის შემდეგ ხუთჯერ შეასრულოთ დიაფრაგმისქვეშა ზეწოლა (ჰეიმლიხის ხერხით), შემდეგ ისევ ბეჭებს შორის ხუთჯერ დარტყმა და ისევ ზეწოლა ჰეიმლიხის მეთოდით. თუ დამხმარე კიდევ გყავთ, გაუშვით ის სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. თუ მარტო ხართ, ჩაატარეთ დახმარების ერთი ციკლი, შემდეგ გამოიძახეთ სასწრაფო და პირველი დახმარების გაწევა განაგრძეთ.
> ჰეიმლიხის მეთოდი: ამოუდექით დაზარალებულს უკან, შემოეხვიეთ და ოდნავ წინ გადახარეთ; ცალი ხელი მომუჭეთ და დაზარალებულს ჭიპის ზემოთ დაადეთ; მეორე მუშტს შემოხვიეთ და სწრაფი და ძლიერი მოძრაობით დააწექით მუცელს იმგვარად, თითქოს დაზარალებულის მაღლა აწევას ცდილობდეთ. შეასრულეთ ეს მოძრაობა ხუთჯერ (თუ აუცილებელი გახდა). თუ უცხო სხეული, რომელიც მოხრჩობას იწვევს, ადგილიდან არ დაიძრა, მთელი ციკლი თავიდან გაიმეორეთ.
წყარო:ჟურნალი "ოჯახის მკურნალი"
1130
    

კომენტარები -
0

რეკლამა