ადამიანთა გადარჩენა ხანძრის დროს
მიხეილ შუვალოვი
მეხანძრეთა პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს დაუყოვნებელი დახმარების აღმოჩენა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ხანძრის ადგილზე საფრთხეში იმყოფებიან. მაშველ სამუშაოებს ატარებენ მაშინ, როცა ადამიანებს ემუქრება ცეცხლი, აფეთქების ან კონსტრუქციების ჩამონგრევის საფრთხე, როცა სათავსი და საევაკუაციო გზები კვამლით არის სავსე, როცა ადამიანებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ საშიში ადგილების დატოვება და პანიკის მდგომარეობაში იმყოფებიან. ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი გამოძახების ადგილზე მისვლისას დაუყოვნებლივ აწყობს ადამიანების გადარჩენას, რისთვისაც იყენებს აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს, ატარებს დაკვამლიანებული სათავსების გულდასმით დაზვერვას დაზარალებულთა აღმოსაჩენად და სუფთა ჰაერზე მათ გამოსაყვანად. ამისთანავე კატეგორიულად ეკრძალება დაზვერვის ჩამტარებელ ყველა მეხანძრეს, რომ იგი განისაზღვროს მოქალაქეთა განცხადებებით სათავსებში ადამიანთა არყოფნის შესახებ. სათავსთა შემოწმებას ახდენენ ყველა შემთხვევაში და მხოლოდ გულდასმით დათვალიერებისა და ადამიანთა იქ არ ყოფნაში პირადად დარწმუნების შემდეგ წყვეტენ ამ მუშაობას.
მაშველ სამუშაოებს უმეტესად ატარებენ ხანძრის ქრობის ერთდროულად, ამასთანავე ლულებს პირველ რიგში აწვდიან ევაკუაციის გზებზე: კიბის უჯრედებში, კორიდორებში, გადასასვლელებზე და ა.შ. აგრეთვე იმ ადგილებში, სადაც ცეცხლი ან კვამლი უშუალოდ ემუქრება ადამიანებს. თუ მიღებულმა ზომებმა საფრთხის სწრაფი ლიკვიდაცია ვერ უზრუნველყო და ადამიანების საფრთხე აღმოფხვრილი არ არის, მაშინ ადამიანთა გადარჩენისათვის მობილიზაციას უწევენ ყველა მეხანძრეს, რისთვისაც გამოიყენება გადარჩენის ყველა საშუალება: სახანძრო კიბეები, ამწეები, მაშველი თოკები, გადასასვლელი აივნები, გარეთა სახანძრო კიბეები და სხვა.
სამსართულიან საცხოვრებელ სახლში მეორე სართულზე, სამზარეულოში გაზის აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი. აფეთქების გამო დაიმტვრა მინები ფანჯრებში, გაიღო კარები. კორიდორსა და ოთახებში ცეცხლი მოეკიდა ნივთებს. პირველი სახანძრო ქვედანაყოფების მისვლის მომენტისათვის ცეცხლმა მოიცვა ექვსი ოთახი და მე-2 სართულის კორიდორი. მესამე სართულის კიბის უჯრედი და კორიდორი ძლიერ დაკვამლიანებული იყო. საევაკუაციო გზიდან ცეცხლით გზაგადაჭრილი ადამიანები მე-2 და მე-3 სართულების ფანჯრებიდან შველას ითხოვდნენ. ყარაულის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ ადამიანების გადარჩენას სამი გასაშლელი კიბით.
მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა და სქელი კვამლისა ერთი ფანჯრიდან მეორეზე კიბეების გადადგმით მეხანძრეები შეიჭრნენ მე-2 და მე-3 სართულებზე და გადაარჩინეს 25 კაცი, ხოლო შემდეგ ხანძარი ჩააქრეს.
იმ შემთხვევებში, როცა ლულებისა ან მაღალჯერადი ქაფის გენერატორების სწრაფად შეყვანას შეუძლია შეამციროს ან სრულიად მოსპოს ადამიანების საფრთხე, ღებულობენ გადაწყვეტილებას წვის ლიკვიდაციის, სათავსოთა განიავების ან კვამლსაწოვების შემწეობით კვამლის მოცილების შესახებ. ერთდროულად ადამიანთა თავმოყრის ადგილებში გზავნიან გამოცდილ მეხანძრეებს პანიკის ასაცილებლად. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა ხანძარი მრავალსართულიან შენობაში გაჩნდება.
ადამიანების გადარჩენის თანმიმდევრობას განსაზღვრავენ მათთვის წარმოქმნილი საფრთხის მიხედვით. პირველდაწყებისას გადაარჩენენ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ ემუქრება ცეცხლი, ძლიერი დაკვამლიანება ან მაღალი ტემპერატურა. პირველ რიგში შველიან ბავშვებს, შემდეგ ავადმყოფებს, ღრმად მოხუცებულებსა და ქალებს.
ადამიანების გადასარჩენ გზებად გამოიყენება ძირითადი და სათადარიგო შესასვლელები და გამოსასვლელები, ფანჯრის ღიობები, აივნები, სხვადასხვაგვარი ხვრელები და ღიობები კედლებში, გადახურვებსა და ტიხარებში. ყველა შემთხვევაში ადამიანების გადასარჩენად არჩევენ უმოკლეს და უსაფრთხო გზებს. ცხადია, ევაკუაციის და გადასარჩენ ყველაზე საიმედო გზებს წარმოადგენს კიბის უჯრედები. თუ მათში წვა მიმდინარეობს, უნდა მიიღონ დაუყოვნებელი ზომები მის სალიკვიდაციოდ. ფანჯრის ღიობებს იყენებენ იმ შემთხვევაში, როცა შიგნითა კედლები და კორიდორები იწვის ან ძლიერ დაკვამლიანებულია, ხოლო ფანჯრებთან მყოფი ხალხი გვთხოვს დახმარებას და იტყობინება, რომ სხვა გზებით გამოსვლა შეუძლებელია. ჩვეულებრივად მე-2 და მე-3 სართულების ფანჯრებიდან ადამიანთა გადასარჩენად იყენებენ გასაშლელ კიბეებს, მუხლა ამწეებს, ზოგჯერ საიერიშო კიბეებს და სტაციონარულ გარეთა სახანძრო კიბეებს. მაღალ შენობებში ამ მიზნით იყენებენ ლიფტებს, შენობის ერთი სექციიდან მეორეში შინაგან გადასასვლელებს და ე.წ. აივან-სალექარებს. დაზარალებულებს მიწაზე დაუშვებენ სახანძრო კიბეებით და მაშველი თოკების შემწეობით. ეს სამუშაოები ძლიერ საპასუხისმგებლოა და შრომატევადი. არის შემთხვევები, როცა დაზარალებულს ეშინია მიწაზე გასაშლელი, ავტომატური ან საშველი სავარძლით დაშვების. ასეთ შემთხვევებში მეხანძრეები ახდენენ დაზარალებულთა დაზღვევას მაშველი თოკებით ან აცილებენ მათ კიბეზე.
ადამიანთა გადარჩენის ხერხები დამოკიდებულია ხანძარზე შექმნილ ვითარებაზე და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უფრო ხშირად იყენებენ:
ადამიანთა დამოუკიდებელ გამოსასვლელებს მათთის მითითებული მიმართულებით, როგორიცაა დაუკვამლიანებელი კორიდორები,კიბის უჯრედები, გასასვლელები;
დაზარალებულთა გამოყვანას მეხანძრეთა ხელმძღვანელობით; ეს უმეტესად ეხებათ ბავშვებს, ავადმყოფებს და ღრმად მოხუცებულ ადამიანებს;
მცირე ბავშვთა, აგრეთვე იმ პირთა გამოყვანას, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოძრაობა;
გადასარჩენთა ჩამოშვებას სახანძრო კიბეების, მუხლა ამწეებისა და მაშველი თოკების მეშვეობით.
გადასარჩენ სამუშაობეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანების მასობრივად თავშეყრის ადგილებში (ბავშვთა ბაღები და ბაგები, სკოლები, საავადმყოფოები, კლუბები, თეატრები, კინოთეატრები, გამოფენები, უნივერმაღები და ა.შ).
ამ დაწესებულებებში მთავარი პასუხისმგებლობა ადამიანთა დროულ იძულებით ევაკუციაზე ეკისრებათ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე მუშებსა და მოსამსახურეებს. ამიტომ აქ შემოღებულია წესი, რომლის მიხედვითაც მოსამსახურე პერსონალთან ატარებენ რეგულარულ მეცადინეობებს და წვრთნას ხანძრის დროისათვის მათში ადამიანთა სწრაფი ევაკუაციის ჩვევათა გამომუშავებისათვის. თითოეულ ასეთ დაწესებულებაში შეიმუშავებენ ადამიანთა ევაკუაციის სპეციალურ გეგმას. ყველა ამ ღონისძიებაში მთავარია ის, რომ აიცილონ პანიკა და უზრუნველყონ ადამიანთა მშვიდობიანად გამოსვლა საფრთხის ზონიდან. პანიკა წარმოიშობა ხანძრის უეცარი გაჩენით ან მის შესახებ შეტყობინებით. ადამიანს ძლევს შიში, რომელიც ახშობს აზროვნებასა და ნებისყოფას, ორიენტირების უნარს. თითოეული ხანძარი მოქალაქეებისათვის საშიშია, როცა იგი ცნობილი არ არის, აგრეთვე თავისი მოულოდნელობით და შედეგებით. შიშსა და თვითდაძლევის უნარის დაკარგვას, უწინარეს ყოვლისა, იწვევს ადამიანის თავის ტვინის ქერქის განსაზღვრულ უბანზე მითითებული გამღიზიანებლების ზემოქმედება, რაც იწვევს პანიკის წარმოშობას. თეატრებიდან, კინოთეატრებიდან და კლუბებიდან ადამიანების იძულებითი ევაკუაცია, როგორც წესი, მთავრდება სახანძრო ქვედანაყოფების მოსვლამდე. პანიკის წარმოშობისას მეხანძრეები ადმინისტრაციასთან ერთად ღებულობენ ზომებს მისი აღმოფხვრისათვის. აქ ძლიერ მნიშვნელოვანია ინციატივის ხელში აღება, ხმამაღლა და დინჯად ლაპარაკი, ადამიანების მოწოდება სიმშვიდისაკენ და დარბაზებიდან ან შენობიდან ორგანიზებულად გამოსვლისაკენ. ერთდროულად ევაკუაციის გზებზე აყენებენ მეხანძრეებს, რომლებიც თავისი იქ ყოფნითა და დახმარებით კვლავ აყენებენ ადამიანებს ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ეხმარებიან, რათა ორგანიზებულად იმოძრაონ გამოსასვლელისაკენ. ამასთანავე საბრძოლო გაშლა უნდა მოხდეს სამსახურეობრივი შესასვლელებიდან სახანძრო კიბეების მეშვეობით, რათა არ დაიკავონ საევაკუაციო გზები.
თუ მაყურებელმა თეატრში, კინო - თეატრში, კლუბში ხანძრის შესახებ არაფერი იციან, მაშინ მათ ამის შესახებ არ უნდა უთხრან. აუცილებელია წარმოდგენის ან კინოფილმის შეწყვეტა და რაიმე მოტივით სთხოვონ მაყურებლებს დარბაზიდან გამოსვლა (მაგალითად ამის მიზეზად დაასახელონ მსახიობის, კინომექანიკოსის უეცარი ავად გახდომა ან კინოაპარატურის უწესივრობა). ეს განცხადება უნდა გააკეთოს დაწესებულების დირექტორმა ან მისმა შემცვლელმა პირმა ხმამაღლა და დინჯად.
საბავშვო, სამკურნალო და სასწავლო დაწესებულებებში გადასარჩენ სამუშაოებს ატარებენ მოსამსახურე პერსონალთან ერთად. ავადმყოფთა ევაკუაციის რიგითობას, ხერხებსა და საშუალებებს განსაზღვრავს სამედიცინო პერსონალი. მის რეკომენდაციებს მეხანძრეები მხედველობაში ღებულობენ დაზარალებულთა გადარჩენის დროსაც. მოსიარულე ავადმყოფები საშიშ ზონას ტოვებენ დამოუკიდებლად ან მეხანძრეთა და სამედიცინო მუშაკების თანხლებით. მძიმე ავადმყოფთა გამოყვანის წესს განსაზღვრავენ მთავარი ექიმი, მორიგე ან მკურნალი ექიმი.მეხანძრეები უზრუნველყოფენ საევაკუაციო გზების კვამლისა და ცეცხლისაგან დაცვას, აგრეთვე ეხმარებიან ავადმყოფთა გამოყვანაში.
ბავშვების ევაკუაციას საბავშვო ბაღებიდან (ბაგებიდან) და სკოლებიდან აწყობენ და უზრუნველყოფენ აღმზრდელები, ძიძები, მასწავლებლები და უფროსი კლასების მოსწავლეები - ნორჩ მოხალისეთა სახანძრო რაზმეულების წევრები, აქტივისტები, წლის ცივ დროს სასკოლო ასაკის ევაკუირებულ ბავშვებს თბილად უნდა ეცვათ, ასევე სკოლანდელ ასაკის ბავშვებს, ან ისინი უნდა გაახვიონ საბნებში და მოათავსონ მეზობელ თბილ შენობაში დიდების მეთვალყურეობის ქვეშ.
ღამით ბავშვების ევაკუაცია რთულდება იმით,რომ მათ სძინავთ, ხოლო დაწესებულებაში დიდები განსაზღვრული რაოდენობით იმყოფებიან. იძულებითი ევაკუაციის შემთხვევაში აუცილებელია ბავშვების წყნარი ხმით გაღიძება, ტანსაცმლის ჩაცმაში დახმარება და შენობიდან ან სათავსიდან მათი სწრაფად გამოყვანის ორგანიზება. ყოვლად დაუშვებელია აღზნებული ტონით ბავშვებისადმი მიმართვა. გამოძახების ადგილზე მისვლისას მეხანძრები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან ბავშვთა საევაკუაციო სამუშაოებში, ხოლო აუცილებლობისას მათი გადარჩენის საქმეში.
ხანძრის დროს გადასარჩენი სამუშაოების წარმოებისას, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანთა დაწყნარება და გამხნევება, რწმენის ჩანერგა, რომ მათ გაეწევათ დროული დახმარება. ადამიანთა გადარჩენის ჩატარება აუცილებელია სწრაფად და ფრთხილად, რომ დაზარალებულებს არ მიაყენონ დაზიანებანი.
ყველა შემთხვევაში, როცა ხანძარზე გადასარჩენ სამუშაოებს ატარებენ, გამოიძახებენ სამედიცინო დახმარებას. მეხანძრეებს უნდა შეეძლოთ დაზარალებულებისადმი ექიმამდე პირველადი დახმარების გაწევა. ჭრილობებზე და დამწვრობაზე ნახვევების დასადებად იყენებენ ინდუივიდუალურ შესახვევ პაკეტებს, დოლბანდებს, ხელსახოცებს, მატერიის, თეთრეულის ნაჭრებს და ა.ს. მჟავეებით და ტუტეებით დამწვრობისას სხეულის დაზიანებული ნაწილი აუცილებელია კარგად მოიბანოს წყლით. მძლავრი პულსის ცემით სისხლის დენა შეიძლება შეაჩერონ ჩალიჩის, დაგრეხილი მატერიის ნაჭრის, თოკის ან ქამრის შემწეობით. ჩალიჩი ან ნაგრეხი არ შეიძლება შიშველ სხეულს ედებოდეს. მათ ქვეშ უნდა დაედოს ქსოვილის ნაჭერი ან ტანსაცმელი. თუ ჩალიჩის ან ნაგრეხის დადება არ შეიძლება, მაშინ სისხლის დენას აჩერებენ არტერიაზე დაწოლით. გადატეხისას ან ღრძობისას აუცილებელია უზრუნველყონ დაზიანებული კიდურების უძრაობა. ამ მიზნით დაზიანებულ კიდურზე დოლბანდით დამაგრდება სალტე - ფიცარი, ჯოხი ან ფანერის ნაჭერი. სალტეს ისე ადებენ, რომ მან მოიცვას დაზიანებული ადგილის ზევითა და ქვევითა სახსრები.
ღრმად გულის შეღონებისას აუცილებელია დაზარალებულს ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა.
მეხანძრემ არა მარტო მარჯვედ და დროულად უნდა აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება ადამიანებს, არამედ უნდა იცოდეს თვითგადარჩენის წესებიც. ამისათვის პირველ რიგში ჩვეულებრივ საევაკუაციო გზებს იყენებენ. ამასთანავე გამოსასვლელის მიმართულების საუკეთესო მაჩვენებელს სახელოს ხაზი წარმოადგენს. ზედასართულზე არსებული ცეცხლმოდებული სათავსებიდან გადარჩენისათვის აუცილებელი არ არის ძირს ჩამოსვლა. ზოგჯერ უფრო უსაფრთხოა ზემოთ ასვლა და შემდეგ გვერდით გასვლა. თუ ჩვეულებრივი გზები ცეცხლით არის გადაჭრილი, მაშინ თვითგადარჩენას აწარმოებენ სახანძრო კიბეებით, მუხლა ამწეებით ან მაშველი თოკის დახმარებით.
"სახანძრო საქმის საფუძვლები" თბილისი 1982 წ.
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0