ტყის ხანძრების ჩაქრობა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» ტყის ხანძრების ჩაქრობა

ტყის ხანძრების ჩაქრობა

მიზანი: მსმენელი შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივების მოკლე დახასიათებას, მათ სახანძრო საშიშროებას, სხვადასხვა ვითარებაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოქმედებას ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისას და უსაფრთხოების ტექნკის მოთხოვნებს ტყის მასივებში ხანძრის ჩაქრობის დროს

თემის შინაარსი:
ა) საქართველოს ტყეების დახასიათება;
ბ) ტყის ხანძრების კლასიფიკაცია;
გ) ტყის ხანძრების გაჩენის მიზეზები და განვითარების ეტაპები;
დ) ტყის ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება;
ე) განსაკუთრებულად რთული ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზება;
ვ) ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები ტყის ხანძრის ჩაქრობისას;
თ) დასკვნები
ა) საქართველოს ტყეების დახასიათება


ტყე – გეოგრაფიული ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენს ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთკავშირში არიან როგორც ერთმანეთთან, ასევე გარემოსთან.


საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეების 97,7% მთის ფერდობზეა გაშენებული. დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება ზღვის დონიდან და ფარავს დაბლობებსა და მთის წინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე.
ზღვის დონიდან 400-დან 600 მეტრამდე გავრცელებულია ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს კევის ხე, ზოგან აკაკი, ბერყენა, ქართული ნეკერჩხალი, ბუჩქებიდან _ თრიმლი, თუთუქო, ბროწეული, ძეძვი და სხვა.
მთის ქვედა სარტყელში (ზღვის დონიდან 500-დან 1000 მეტრამდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარეკახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება ზღმარტლი, კუნელი, თხილი, შინდი, თრიმლი და სხვა.
მთის შუა სარტყელში (ზღვის დონიდან 1000_დან 1600 მეტრამდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, მინდვრის ნეკერჩხალთან, ბოყვთან, ცაცხვთან, ნაძვთან და სხვა.
საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით, რომლებიც აღწევენ დასავლეთ საქართველოში ტყის გავრცელების ზედა საზღვარს, აღმოსავლეთ საქართველოში კი _ 2100 მეტრამდე. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან.
მთის ზედა ზოლი (ზღვის დონიდან 1900 _ 2400 მ) უკავია სუბალპიურ ტყეებს _ სუბალპიურ ტანბრეცილებსა და სუბალპიურ მეჩხერებს. ტანბრეცილები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია არყნარით და წიფლნარით. სუბალპიური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსათვის და შექმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით.
საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ ჰა აღწევს, რაც ტერი-ტორიის 38,5% შეადგენს. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება.
ჭალის ტყეები გავრცელებულია მრავალი მდინარის ჭალაში. ჭალის ტყეების სტრუქტურა იცვლება გრუნტის წყლების დგომის სიღრმის, დატბორვის ხანგრძლივობის, ალპიური ნაფენების მექანიკური და ქიმიური შემადგენლობის მიხედვით. ჭალის ტყეები გავრცელებულია საქართველოს მდინარეების (მტკვარი, ალაზანი, იორი, რიონი, ხრამი და სხვა) ქვემოდინების გასწვრივ. მათში ჭარბობს ტირიფი, ვერხვი, ჭალის მუხა, ზოგან თუთა, თელა და სხვა. ალაზნის ჭალის ტყისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ლაფანი, მდიდარია ხვიარა მცენარეებით, რომლებიც ხშირად გაუვალ რაყებს ქმნიან.

ტყის საფარი – ეს არის ხეებიდან ჩამონაყარი ფოთლები, ტოტები, თესლები, გირჩები, ქერქი და ბალახეული. ცნობილია ტყის ცოცხალი და მკვდარი საფარი. ცოცხალ საფარს ქმნის ხავსი, გვიმრა, მღიერები, ბალახი და ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეები. ბკვდარი საფარი კი ხეებიდან ჩამონაყარისაგან შექმნილ ფენას ეწოდება. ტყის საფარი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტყის ბუნებრივი განახლებისა და ნიადაგ¬წარმოქმნის პროცესებზე, ნიადაგის დაცვისა და წყლის რეჟიმის რეგულირებაზე.


ტყის სტრუქტურა – ტყის სახეობრივი შემადგენლობის, ძირითადი მცენარეების ბიოლოგიური თვისებების, მათი ხნოვანებისა და გარკვეული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ყალიბდება.

რისგან შედგება ტყის იარუსები (სტრუქტურა)?
- პირველი იარუსი - ხავსის საფარი;
- მეორე იარუსი - ბალახოვანი საფარი;
- მესამე იარუსი - ანუ ქვეტყე, რომელსაც ქმნიან ბუჩქები (თხილი, შინდი, კუნელი);
- მეოთხე იარუსი - შექმნილია მეორე სიდიდის ხეებისაგან (ცაცხვი, ნეკერჩხალი, რცხილა, თელა და სხვა);
- მეხუთე იარუსი - შედგება პირველი სიდიდის ტყის შემქმნელი ხეებისაგან (ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, მუხა და სხვა).

რითი განსხვავდებიან ტყეები ერთმანეთისაგან?
ტყეები არაერთგვაროვანია და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან:
- სახეობათა შემადგენლობით – წმინდა ერთი სახეობისაგან, შერეული კი რამდენიმე სახეობისაგან;
- ფორმით – მარტივი, ანუ ერთ იარუსიანი და რთული მრავალიარუსიანი;
- ხნოვანებით – ერთხნოვანი და ნაირხნოვანი;
- წარმოშობით – თესლით და ვეგეტატური;
- სიხშირით – ხშირი და მეჩხერი;
- პროდუქტულობით.

ტყის ხანძრების ჩაქრობა


ფოთლოვანი ტყეებისათვის დამახასიათებელია ხანძრის უმნიშვნელო საფრთხე, რაც განპირობებულია შემდეგ მიზეზთა გამო:
- საწვავი მასალების არაერთგვაროვნობით (სამუშაო მერქანი, ბუჩქნარი, მცენარეული საფარი, ტორფი და სხვა);
- განლაგებული ტერიტორიის ნაირსახეობით (მინდორში, ჭალაში, დაბალ სარტყელში და სხვა);
- არაერთგვაროვანი წვა ხანძარსაშიში სეზონის სხვადასხვა პერიოდში და დღე–ღამის სხვადასხვა მონაკვეთში;
- სხვადასხვა რეაგირების უნარი ამინდის ცვლილებაზე.

მშრალი წიწვოვანი ტყისათვის დამახასიათებელია გამომშრალი წვადი მასალის დიდი რაოდენობა და ნაირსახეობა – რაც მას უფრო ხანძარსაშიშს ხდის.
შერეული ტყის ხანძარსაშიშროებას განსაზღვრავს ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების სახანძრო საშიშროების ერთობლიობა.
ტყის მასივებში ხანძრის წარმოქმნის საშიშროება დიდად არის დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურაზე და ქარის სიძლიერეზე. საქართველოში ხანძრის საშიშროების სეზონი დგება მაისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება გვიან შემოდგომამდე.

კითხვები:
1. ჩამოთვალე ტყის სტრუქტურის (იარუსების) ნაირსახეობა
2. ჩამოთვალეთ ხანძრის საშიშროების მიხედვით რამდენ ჯგუფად იყოფა ტყეები
1529
    

კომენტარები -
0

რეკლამა