ხელის სახანძრო კიბეები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ხელის სახანძრო კიბეები

მიზანი: მსმენელი შეისწავლის ხელის სახანძრო კიბეების დახასიათებას, გამოყენების პრინციპებს, აგრეთვე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესებს კიბეებთან მუშაობისას

თემის შინაარსი:

ა) ხელის სახანძრო კიბეების დანიშნულება, მოწყობა;
ბ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები ხელის სახანძრო კიბეებთან მუშაობისას;

ხელის სახანძრო კიბეების დანიშნულება და მოწყობა

ხელის სახანძრო კიბეები გამოიყენება შენობა-ნაგებობების სართულებზე ასასვლელად ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს იმ შემთხვევაში, თუ სტაციონარული კიბეების, სხვა მოწყობილობების და საევაკუაციო გზების გამოყენება შეუძლებელია.

არსებობს სხვადასხვა სახეობის ხელის სახანძრო კიბე

> ჯოხკიბე
> საიერიშო კიბე
> სამმუხლა გასაშლელი კიბე

ხელის სახანძრო კიბე შეიძლება იყოს ხის ან ალუმინის. მისი კონსტრუქცია და გამოყენება მარტივია და მოსახერხებელია.

კითხვები:

1.რა შემთხვევაში გამოიყენება ხელის სახანძრო კიბე?
2. რა ტიპის ხელის სახანძრო კიბე არსებობს?


ჯოხკიბე

სად გამოიყენება ჯოხკიბე?
> ჯოხკიბე გამოიყენება შენობა-ნაგებობების პირველი სართულის ფანჯრების ღიობებში სამუშაოდ როგორც შენობის გარეთ (ღობეებზე გადასასლელად, სტაციონარულ სახანძრო კიბეზე ასასვლელად და სხვა), ისე შენობის შიგნით (კონსტრუქციების გასახსნელად და სხვა), ჯოხკიბე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე როგორც საკაცე.

ჯოხკიბის აგებულება და ზომები

> ჯოხკიბე იკეცება გრძივად. დაკეცილ მდგომარეობაში იგი წარმოადგენს ჯოხს, რომლის ბოლოები მომრგვალებულია და მოჭედილია ლითონით. ჯოხკიბე შედგება ხის ან ალუმინის ორი ჩანისაგან და მათზე სახსრიანი მექანიზმით მიერთებული რვა საფეხურისაგან.


ხელის სახანძრო კიბეები ჯოხკიბე: 1,2 - ჩანები; 3 - სახსარი; 4 - საფეხური; 5 - ხის ზესადები; 6 - მოსაჭიმი; 7- დაბოლოება; 8 - ლითონის ზესადები


> დაკეცილ მდგომარეობაში ჯოხკიბის სიგრძეა 3,32 მ, მუშა (გახსნილ) მდგომარეობაში - 3.10 მ, დაკეცილი კიბის კვეთა არის 10.5X6.8 სმ, მანძილი საფეხურებს შორის - 35 სმ, ხოლო წონა არ უნდა აღემატებოდეს 7,8 კგ.



კითხვები:

1.რამდენი ჩანისა და საფეხურისაგან შედგება ჯოხკიბე?
2.რა სიგრძისაა ჯოხკიბე დაკეცილ და გაშლილ მდგომარეობაში?
3.როგორ გამოიცდება ჯოხკიბე სიმტკიცეზე?


საიერიშო კიბე

სად გამოიყენება საიერიშო კიბე?
> საიერიშო კიბე გამოიყენება მეხანძრე-მაშველების მიერ შენობა-ნაგებობების მაღალ სართულებზე ასასვლელად გარე კედლის მხრიდან, მკვეთრი ქანობის მქონე სახურავების გახსნის საუშაოების უზრუნველსაყოფად, კომბინირებული ასვლისთვის და ცალკეულ შემთხვევაში ადამიანთა გადასარჩენად.

საიერიშო კიბის აგებულება და ზომები

ხელის სახანძრო კიბეები

> საიერიშო კიბე შედგება ორი ჩანისა და 13 საფეხურისაგან (ხის ან ლითონის), ზედა სამ საფეხურზე დამაგრებულია კბილანებიანი ფოლადის კაკვი. კბილანები იცავენ კიბეს ჩამოცურვისაგან. წონის შესამსუბუქებლად კაკვს აქვს ექვსი ნახვრეტი.

საიერიშო კიბის სიგრძე შეადგენს 4,11 მ, სიგანე - 30 სმ, კაკვის სიგრძე - 65 სმ, საფეხურის სიგანე - 25 სმ, მანძილი საფეხურებს შორის - 34 სმ, წონა არ აღემატება 11 კგ



კითხვები:

1. რამდენი ჩანისა და საფეხურისაგან შედგება საიერიშო კიბე?
2. საიერიშო კიბის რომელ საფეხურებზეა მიმაგრებული კაკვი?
3. რა ხერხს მიმართავენ კაკვის შესამსუბუქებლად?



სამმუხლა გასაშლელი კიბე

სად გამოიყენება სამმუხლა გასაშლელი კიბე?
> სამმუხლა გასაშლელი კიბე გამოიყენება მეხანძრე-მაშველის შენობის მესამე სართულზე და ორსართულიანი სახლის სახურავზე ასასვლელად ხანძრის ჩაქრობისა და მასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს.

სამმუხლა კიბის აგებულება და ზომები

ხელის სახანძრო კიბეები
> სამმუხლა გასაშლელი კიბე შედგება სამი პარალელურად შეერთებული ლითონის მუხლისაგან და მოწყობილია გასაშლელი, დასაკეცი და ჩამკეტი მექანიზმით. თითოეული მუხლი შედგება 2 ჩანისა და 12 საფეხურისაგან. ჩანები მოჭიმულია ლითონის მავთულებით 1, 6, 12 საფეხურებს ქვეშ. პირველი მუხლის ჩანების ქვედა ბოლოებზე მიმაგრებულია ფოლადის საყრდენი ბუნიკები, ხოლო მესამე მუხლის ზედა ბოლოებზე – საყრდენები. ბუნიკები და საყრდენები არ იძლევიან კიბის გადაადგილების შესაძლებლობას.


დაკეცილი სამმუხლა გასაშლელი კიბის სიგრძე შეადგენს 4,395 მ, გაშლილი კიბის სიგრძე - 10,695 მ, დაკეცილი კიბის გვერდითი სიგანე - 18,3 სმ, მანძილი საფეხურებს შორის - 35,0 სმ, კიბის სიგანე - 48,5 სმ.წონა-48კგ


კითხვები:

1.რისთვის გამოიყენება სამმუხლა გასაშლელი კიბე?
2.სამმუხლა გასაშლელი კიბის რომელი ჩანებია მოჭიმული ლითონის მავთულებით?
3.რამდენი ჩანისა და საფეხურისაგან შედგება სამმუხლა გასაშლელი კიბე?




შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები ხელის სახანძრო კიბეებთან მუშაობისას

უსაფრთხოების რა ზომები უნდა იქნეს დაცული გასაშლელი სახანძრო კიბით მუშაობისას?

- კიბე იდგმევა კედლიდან 1,5-2 მ მანძილზე, 80-830 დახრის კუთხით;
- მუხლები იშლება თანაბრად, ბიძგების გარეშე, ამასთან უნდა გამოირიცხოს თოკის დახვევა ხელზე;
- გაშლისას მეხანძრე-მაშველი კიბეს იჭერს პირველი მუხლის ჩანებით, ამასთან დაუშვებელია თითების მოხვედრა ჩანის შიდა მხარეზე;
- გაშლის დროს უნდა შენარჩუნდეს კიბის წონასწორობა;
- გაშლილ კიბეზე მოწმდება ფიქსატორის მექანიზმი;
- კიბე უნდა დაიდგას ისე, რომ დახრის ან ვარდნის შემთხვევაში თავიდან აცილებულ იქნეს მისი შეხება ელექტრო ხაზებთან. გასაშლელი კიბის დადგმა-აღებისას ერთი მეხანძრე-მაშველი სამუშაოების დასრულებამდე რჩება კიბესთან მომუშავეთა დასაზღვევად და კიბის ვარდნისაგან დასაცავად;
- კიბის მიყუდება ლითონის სახურავზე დასაშვებია მხოლოდ ობიექტის გაუდენურების შემდეგ;
- კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას მეხანძრე-მაშველი იყურება წინ და ხელს კიდებს საფეხურებს;
- დაუშვებელია გასაშლელი კიბის ერთ მუხლზე, აგრეთვე საიერიშო კიბესა და ჯოხკიბეზე ერთზე მეტი ადამიანის ასვლა-ჩამოსვლა;
- საჭიროა გასაშლელი კიბის დაჭერა ადამიანთა ასვლა-ჩამოსვლისას, აგრეთვე კიბეზე ლულით ან ინსტრუმენტით მუშაობისას მეხანძრე–მაშველის დამაგრება სახანძრო კარაბინით კიბის საფეხურებზე;
- გასაშლელ კიბეზე სახანძრო-სამაშველო იარაღით ასვლისას საჭიროა იარაღის ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება.


გაშლილ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა დასაშვებია, თუ:

- საჩერებელი ლილვაკის კაკვები ეყრდნობა გასაშლელი კიბის მუხლის საფეხურს;
- შენობა-ნაგებობაზე მიყუდებულ გასაშლელ კიბეს შიდა მხრიდან პირველი მუხლის ჩანებით იჭერს მეხანძრე-მაშველი;
- კიბე გაშლილია ისეთ სიგრძეზე, რომ პირველი მუხლის 2-3 საფეხური ცდება შენობის კარნიზს ან ფანჯრის რაფას.
- მეხანძრე-მაშველის მიერ სპეციალური სწავლე¬ბის გავლის პერიოდში საიერიშო კიბით მუშაობა დამზღვევი მოწყობილობების გამოყენების გარეშე დაუშვებელია.

კითხვები:

1. რა უსაფრთხოების ზომები უნდა იქნეს დაცული გასაშლელი კიბით მუშაობისას?
2. რა შემთხვევაში შეიძლება გაშლილ კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა?
3. რა კუთხით იდგმევა გასაშლელი კიბე კედელთან?
4. ერთდროულად რამდენ ადამიანს შეუძლია ხელის სახანძრო კიბეზე ასვლა?
5. რამდენი საფეხურით უნდა ცდებოდეს გაშლილი კიბე შენობის კარნიზს ან ფანჯრის რაფას?
4831
    

კომენტარები -
0

რეკლამა